KA
Samtavro Monastery – UNESCO World Heritage

სამთავროს მონასტერი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა

ქალაქ მცხეთის ცენტრში აღმართული ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი - სამთავროს მონასტერი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

მონასტრის კარიბჭეს რომ შეაღებ, ცად აწვდილი კვიპაროსები თვალს აუცილებლად მოგჭრის, ხოლო ირგვლივ სოჭის ხეები, ნეკერჩხლები, ბრაზილიური შინდები, უთხოვრები, კოწახურები, კანადური ნაძვებია გაშენებული; ვარდების ხეივანს ფოტინიების ბუჩქები ენაცვლება. ვარდობისთვეში აქ განსაკუთრებული სურნელება დგას.

სამთავროს მონასტერი წინათ სამეფო ბაღი ყოფილა და მონასტრის დედები დღესაც ზრუნავენ, რომ ეზო ყოველ სეზონზე ულამაზესი იყოს.

ტაძრის აგების ისტორია პირდაპირ უკავშირდება საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას. სწორედ ამ ადგილისთვის შეუფარებია თავი საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ კაბადოკიელ ქალწულს ნინოს.

მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე სამთავროს სამონასტრო კომპლექსი გაშენდა, რომლის შემადგენლობაშია:

მთავარი ტაძარი - შენობა XI საუკუნეშია აგებული. ამ ტაძარში დაკრძალულნი არიან ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა;

წმ. ნინოს ეკლესია - ასევე XI საუკუნის ნაგებობა. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში ჩამოსული წმინდა ნინო პირველ წლებში სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების სიუჟეტებით;

სამრეკლო - XV-XVI საუკუნეების სამსართულიანი შენობაა, ხოლო გალავანი - XVIII საუკუნის. ძველი გალავნისგან მხოლოდ კოშკია შემორჩენილი. ამჟამინდელი გალავანი  XIX საუკუნისაა. 

სამთავროს ტაძარში დასვენებულია ჩვენი თანამედროვე წმინდანი - წმ. ღირსი მამა გაბრიელი. ამჟამად სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე  სასულიერო სემინარია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა