კანიონის სიმაღლე ზღვის დონიდან 548-605 მეტრია, ჩაჭრის სიღრმე - საშუალოდ, 300 მეტრი და 405 ჰექტარი ფართობი უჭირავს.
კანიონის ციცაბო ფერდობები დაფარულია შერეული და ფოთლოვანი ტყით, სადაც ხარობს კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana (Stev.) Spach), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M. Bieb), თელა (Ulmus) და სხვა. ზოგადად, სამშვილდის კანიონი მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის ჰაბიტატია, ენდემური და რელიქტური სახეობების ჩათვლით.
კანიონის პანორამული ხედების ხილვა უძველესი ნაქალაქარის - სამშვილდის ტერიტორიიდან შეგიძლია, რომელიც სამშვილდისა და ჭივჭავის კანიონებს შორის მდებარე პლატოზეა გაშენებული.
სამშვილდის ისტორიულ ციხე-ქალაქში ცხოვრება ჯერ კიდევ ათასწლეულების წინათ დუღდა. დღეს აქ მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია შემორჩენილი.