ისტორიული ძეგლების გარდა, ზესტაფონში სანახავი სხვა რამეცაა. თუნდაც ქალაქ ზესტაფონის ცენტრში მდებარე ირინეს პარკი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ალბერტ ჟანიომ გააშენა და ქართველი მეუღლის პატივსაცემად „ირინეს პარკი“ დაარქვა. ალბერტი და მისი შვილი ორლანდო არქიტექტორები ყოფილან და პარკიც ულამაზესი გამოსვლიათ.
2010-2011 წლებში „ირინეს პარკის“ რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ახალი ატრაქციონები, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, თანამედროვე განათება და ახალი დასასვენებელი სკამები დამონტაჟდა.
„ირინეს ბაღი“ ზესტაფონელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი ადგილია. ადამიანები აქ ლამაზ გარემოში დასვენებისა და განტვირთვისთვის მოდიან.