ვარინკა წერეთელი ერთადერთი არაა, ვისი ფესვებიც ზესტაფონიდან მოდის. აქ დაიბადა მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი, „განწყობის თეორიის“ ავტორი დიმიტრი უზნაძე, სახელგანთქმული მსახიობი უშანგი ჩხეიძე, პოპულარული მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და ბევრი სხვა.
იმერეთის მაღლობზე გაშენებული ეს პატარა ქალაქი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრია. ქალაქში მოქმედებს დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც უამრავი ისტორიული და არქეოლოგიური არტეფაქტი ინახება.
ისტორიულ წყაროებში ზესტაფონი პირველად XVI საუკუნეში მოიხსენიება. ქალაქის სახელი კი მოდის გამოთქმიდან - „ყვირილას ზედა ფონი“. ყვირილის გარდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხი მდინარე ჩამოედინება: ჩხერიმელა, ძირულა, ბუჯა და ჩოლაბური. აქაურ კოლხურ ტყეებში, სადაც უამრავი საპიკნიკე ადგილია, ხარობს ხის ძვირფასი ჯიშები: მუხა, წიფელი, კაკალი, კოპიტი და სხვა.
ზესტაფონის ზრდა ფეროშენადნობთა ქარხნის ამუშავებამ განაპირობა, რამაც ქალაქს დიდი ინდუსტრიული მნიშვნელობა მიანიჭა. მის პროდუქციას ყიდულობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში.
შავი მეტალურგიის გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განვითარებულია: ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა, აგრეთვე, სოფლის მეურნეობა - ძირითადად მევენახეობა.
ზესტაფონის ახლოს შეგიძლია მოინახულო ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, რომელიც ფარნავაზ მეფის დროსაა აგებული. ციხე დიდი იყო, თანაც იმდენად, რომ მის ტერიტორიაზე მთელი ქალაქის მოსახლეობა ეტეოდა.
აქაა დიკლაურის, საზანოს, ტაბაკინის ციხეები, VI საუკუნეში აგებული ტაბაკინის ეკლესია, XI საუკუნის ზედა საქარის ტაძარი და თამარის ხიდი - სოფელ ჭალატყეში.
აუცილებლად უნდა ნახო სამცვერას ულამაზესი ჩანჩქერი. მისი და, ზოგადად, ზესტაფონის სტუმრობა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია. უბრალოდ, გაითვალისწინე, რომ აქაურობა ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით გამოირჩევა.
ეს კლიმატი აქაურ ვაზის ჯიშებს - ციცქას, ცოლიკაურსა და კრახუნას განუმეორებელ არომატს აძლევს. ამდენად, მათგან დაყენებული ღვინოების დაგემოვნება ნამდვილად ღირს.