პარკი ყველა სეზონზე ლამაზია, მაგრამ ზაფხულის სიცხეში საუკეთესო ადგილია დასვენებისა და გართობისთვის.
პარკის ფართობი 100 ჰექტარია. ირგვლივ ტყეა - როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული. სკვერები, შადრევნები და ფანჩატურები განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის დასასვენებლად. მთაწმინდის პარკში ბევრი გასართობი და სანახაობაა ოჯახის ყველა წევრისთვის - ატრაქციონები, ღვინისა და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები, დაბადების დღის ცენტრი, ქორწინების სახლიც კი.
მთელ პარკს მოივლი მხიარული მატარებლით, ასევე დაიქირავებ კვადროციკლებს. აქ ბავშვებსაც და უფროსებსაც უყვართ მოცეკვავე ხე, მხტუნავი კოშკი, მოჩვენებათა ციხე და წყლის ატრაქციონი - მორების რაფტინგი.
მიუხედავად ხალხმრავლობისა, აქ ბევრი წყნარი ადგილია. შეგიძლია, მდელოზე პლედი დააფინო და წამოკოტრიალდე.
თუ ფეხით სიარული და ლაშქრობა გიყვარს, პარკიდან ბილიკებით კუს ტბაზე გადახვალ და გზადაგზა საპიკნიკე ადგილებსაც იპოვი.
მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაის აჰყევი. ქვედა სადგურის მისამართია დ. ჭონქაძის ქუჩა №22. ზედა სადგურამდე გზის დაფარვას 3 წუთი სჭირდება და ეს გზა, თავისი პანორამით, ცალკე თავგადასავალია.