სახელი „მთა წმინდა“ წმინდა მამა დავით გარეჯელს უკავშირდება, რომელიც VI საუკუნეში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოვიდა საქართველოში და ამ მთაზე დამკვიდრდა.
ეს დიდი ისტორიაა და მის „სანახავად“ მამადავითის ეკლესიაში უნდა მიხვიდე, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს იქვე აშენდა.
1929 წელს მამადავითის ეკლესიის მახლობლად, ღია ცის ქვეშ, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პანთეონი გაიხსნა.
ასე დაიწყო მთის ახალი სიცოცხლე საუკუნის წინათ.
მთაწმინდაზე დგას თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო - ტელეანძა და გიგანტური „ეშმაკის ბორბალი“, რომლებსაც აქ ამოსვლამდე ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან დაინახავდი.
პარკ „ბომბორაში“ 3 თაობის ატრაქციონებია - საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. ფუნიკულიორის 3-სართულიან შენობაში კი, რომელიც თბილისის ისტორიულ-არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, მრავალფეროვანი არჩევანია გურმანებისთვის - აქ ნახავ რესტორანს, კაფესა და ლაუნჯ-ბარს.
ამ ყველაფრის ირგვლივ წიწვოვანი ტყე და იდეალური სასეირნო-საპიკნიკე ადგილებია. აქედან საფეხმავლო ბილიკები მიდის კუს ტბის, ნარიყალას და სოლოლაკის მიმართულებით.