KA
Sailing Mtkvari on a Tivi Canoe

მტკვარზე ტივით გასეირნება

ტივი განსაკუთრებული წესით შეკრული ხის მორებია, რომელიც წყალზე სამოძრაოდ გამოიყენება. მდინარე მტკვარი და მის ნაპირებზე ჩამწკრივებული ტივები ძველი თბილისის ატრიბუტი იყო. თავიდან მისი საშუალებით მტკვარზე ტვირთი გადაჰქონდათ. მოგვიანებით ტივმა სხვა ფუნქცია შეიძინა - ხშირად ნახავდი მასზე ზურნა-დუდუკით მოქეიფე ყარაჩოხელებს.
რეგიონი
თბილისი
რეგიონი
თბილისი

კარგა ხნის განმავლობაში თბილისს დავიწყებული ჰქონდა წყლის ეს ტრანსპორტი, მაგრამ გასული საუკუნის ბოლოს, ქალაქის დღესასწაულის - თბილისობის დამკვიდრებასთან ერთად, ისევ გაიხსენეს და მტკვარზე მოქეიფეებით სავსე ტივები გამოჩნდა.  

დღეისათვის დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უკვე მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ტივით გაისეირნონ და მდინარის შუაგულიდან დაათვალიერონ თბილისის ძველი უბნები, კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლები, მეტეხის ტაძრის, აბანოთუბნის, ორთაჭალის ხედები. 

მოდერნიზებულ ტივზე ნახევარსაათიანი გასეირნება საკმარისია დაუვიწყარი შთაბეჭდილების მისაღებად. ტივზე ისმის სასიამოვნო მუსიკა, გიმასპინძლდებიან ყავითა და ჩაით, შეგიძლია დააგემოვნო ქართული ღვინო და გადაიღო ულამაზესი ფოტოები.  

შესაძლებელია წინასწარ დაჯავშნო ტური ან დაუკვეთო ის უფრო ხანგრძლივი დროით. შეგიძლია მოიწყო პრივატული ტურიც მხოლოდ შენთვის და შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. 

მდინარეზე გადაადგილებისას უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა