ისტორიული ცნობების თანახმად, 1820 წლამდე ბაღის ტერიტორია იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ასულის, დარეჯანის საკუთრება იყო და იქ ხეხილი, ვაზი და ბოსტნეული ხარობდა. XIX საუკუნიდან მოყოლებული „ბულვარს“ ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა. აქ იკრიბებოდნენ თავად-აზნაურები, სხვადასხვა საკითხზე დაობდნენ და ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. როგორც დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი ამბობდა, „ბულვარი პარლამენტს ემსგავსებოდა“.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში შეგიძლია ისეთი უნიკალური მცენარეები ნახო, როგორებიცაა ევროპული ურთხელი, მსოფლიოში ყველაზე მაღალმზარდი ხე - მარადმწვანე სეკვოია, იაპონური ცეფალოტაქსუსი და მრავალი სხვა. ბულვარში განთავსებულია აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, დები იშხნელების ძეგლები და 9 აპრილის მემორიალი.
ქუთაისის მერიის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინათ ცენტრალურ ბულვარში უფასო wi-fi ამოქმედდა. ბულვარის გვერდით არის ენერგოეფექტური სკვერიც, სადაც მსურველებს ტექნიკის დამუხტვა შეუძლიათ.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ბევრი ადამიანი სეირნობს და ისვენებს. პერიოდულად აქ კონცერტები და წარმოდგენები იმართება, საგანგებოდ მოწყობილ დიდ ეკრანზე კი სპორტული ღონისძიებების ტრანსლაცია მიმდინარეობს.