სავარაუდოა, რომ ციხე წინაქრისტიანულ ხანაში, ძვ.წ. II-I ათასწლეულებშია აგებული. ციხის გვერდით ნამოსახლარებია, სადაც მდიდარი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი - ადრე და გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურისთვის დამახასიათებელ ნივთები, აგრეთვე, შუა საუკუნეების კერამიკის ნატეხები. ეს კი იმის დასტურია, რომ სამცხე-ჯავახეთში, სოფელ საროს ტერიტორიაზე ცხოვრება, სულ ცოტა, ძვ. წ. II ათასწლეულიდან უწყვეტად გრძელდება.
საროს ციკლოპური ციხის კომპლექსი სამი ნაგებობისგან შედგებოდა, რომლებსაც საფორტიფიკაციო დანიშნულებაც ჰქონდა და ერთმანეთისგან დაშორებით მდებარეობდა.
ციხე-კომპლექსი სხვადასხვა პერიოდშია განახლებული, თუმცა დღეს ნაგებობებისგან მხოლოდ 2,5-3 მეტრამდე სიმაღლის ნაშთებია დარჩენილი.
კედლები კი მშრალი წყობითაა ნაგები და ერთმანეთზე დაწყობილი ლოდებიდან ზოგიერთის სიგრძე-სიგანე 2.5 მეტრსაც აღწევს.