KA

უსაფრთხოება

ულამაზესი ბუნებისა და უძველესი კულტურის გარდა პატარა საქართველო უსაფრთხო გარემოთი და კრიმინალის დაბალი დონითაც გამოირჩევა, რაც 2012-2021 წლებში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. ამ რეფორმების შედეგად, საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა საერთაშორისო რეიტინგებში.

მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“-ს 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის თანახმად, საქართველო კრიმინალისგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის - მე-4, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. უსაფრთხო ქვეყნების 2019 წლის რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილს იკავებდა. წინსვლა ნათელია. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 11.74%-ით იკლო. თუკი 2019 წელს დანაშაულის 64123 შემთხვევა აღირიცხა, 2020 წელს ასეთი 54596 იყო. მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც, რომელიც, საშუალოდ, 36%-ია.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 6.42%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 18.76%-ით იკლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა. საგრძნობლად, 46.19%-ით, იკლო ნარკოტიკულმა დანაშაულმაც. 

მკვეთრადაა შემცირებული დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ - (-28.93%). იკლო სამოხელეო დანაშაულმაც (-18.11%). ამ სახეობის დანაშაულში, სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრადაა შემცირებული ქრთამის აღება (-47.62%), იკლო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა (-33%) .

საქართველოში 25.81%-ით შემცირდა კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; 46.67%-ით იკლო ტერორისტულმა დანაშაულებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დანაშაულები არ შედის გავრცელებული დანაშაულების რიცხვში და მხოლოდ ერთეული სახითაა აღრიცხული.  

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 12.23%-ით შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. ამ სახეობის დანაშაულში შემცირებულია ქურდობის (-10.96%), ძარცვისა (-28.23) და ყაჩაღობის (-28.37%) შემთხვევები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა