საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სწრაფად რომ მოხვდე, შეგიძლია შიდა ფრენებით ისარგებლო. ამისათვის ნატახტრის აეროდრომს უნდა მიმართო. თბილისის ცენტრიდან მანქანით 45 წუთის სავალზე მდებარე ნატახტრის აეროდრომი ფრენის მსურველებს ყოველდღე ელის და მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს. ნატახტრიდან რეისები მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით ხორციელდება.
ბილეთები
იმისათვის, რომ შენთვის სასურველ კუთხეში მოხვდე, ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინო https://ticket.vanillasky.ge/-ზე და გადაამოწმო, უამინდობის გამო ფრენა ხომ არ გადაიდო. შემდეგ კი ყველაზე სწრაფად, მაქსიმუმ, ერთ საათში აღმოჩნდები იქ, სადაც ჩასვლა გქონდა დაგეგმილი.
ფრენები
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ნატახტრიდან ფრენები მესტიის მიმართულებით ხორციელდება. იმავე დღეებშია შესაძლებელი ფრენა უკან - მესტიიდან ნატახტრამდეც.
მესტიაში ჩაფრენა ქუთაისის აეროპორტიდანაც შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ოთხშაბათობით.
თუ რაჭაში, კონკრეტულად კი ამბროლაურში გსურს ჩაფრენა, ამისათვის პარასკევი ან კვირა დღე უნდა გამოყო. გარდა რეგულარული ფრენებისა, ნატახტრიდან ამბროლაურამდე ავიატაქსის აყვანა და ერთგვარი ავიაგასეირნების მოწყობაც შეგიძლია. ამ სერვისს ხშირად იყენებენ ავიაგადაღების მოყვარულები.
თუკი გადაწყვეტ, შიდა ფრენებით ისარგებლო, არა მხოლოდ დროს მოიგებ, არამედ საქართველოს ულამაზეს ბუნებას - მთებსა და მდელოებს, ტყეებსა და მდინარეებს ცის სიმაღლიდანაც დაათვალიერებ. ეს კი ნამდვილად საუცხოო სანახაობაა.