KA
სვანური მარილი

სვანური მარილი

ქართული სამზარეულო გამორჩეულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის თითოეული კუთხე ინდივიდუალური, განსაკუთრებული არომატის კერძებით ხასიათდება.

ერთ-ერთი ასეთია სვანური მარილი - ქართული საკმაზი, რომლის მომზადების ტრადიციულ მეთოდს ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

როგორ შეიქმნა სვანური მარილი?

უნიკალური პროდუქტის მისაღებად სვანებმა მარილი მთის სურნელოვან მწვანილებსა და სანელებლებს შეურიეს და გასაოცარი საკმაზი შექმნეს, რომლის ერთი მწიკვიც კი საკმარისია გემრიელი სადილის მოსამზადებლად.  

ის უხდება ყველაფერს: კიტრისა და პომიდვრის სალათას, შემწვარ გოჭს, იდეალურია ყველთან, საწებლებთან და ხორცთან. განსაკუთრებულ გემოს კი მთაში მოწეული სანელებლები და ყველაზე მთავარი - გიცრული, იგივე გარეული ძირა აძლევს.

მარილის ხარისხი და არომატულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამ სანელებლების ხარისხზე - მოკრეფის დროზე, სიმწიფესა და ჩრდილში გახმობაზე, ისე მათი შეზავების პროპორციებზე.

როგორ მოვამზადოთ სვანური მარილი?

უკეთესი არომატისათვის  ყველა სუნელი კაკლების სახით უნდა იყოს და თავად უნდა დაფქვა. 

საჭიროა: 

2 წილი ხმელი ქინძი; 

თითო წილი: 

ხმელი ცერეცო (კამა); 

უცხო სუნელი;
წითელი წიწაკა; 

ყვითელი ყვავილი; 

1/2 წილი გიცრული (გარეული ძირა);

ორჯერ მეტი მოცულობის მარილი, ვიდრე ყველა დაფქული სუნელი ერთად; 

და გატარებული ნიორი – იმდენი, რომ შერევისას მარილიანი მასა ნოტიო და თითქმის სველი გამოვიდეს.

რა უნდა იცოდე სვანური მარილის ყიდვისას?

სანამ სვანურ მარილს შეიძენ, გაითვალისწინე: მარილი უნდა იყოს ნოტიო, თითქმის სველი, არომატული, ისე, რომ ახალდაფქული სუნელების სიმძაფრე იგრძნობოდეს, მუქი და არა ძალიან ყვითელი, მსხვილი და არა წვრილი მარილით შეზავებული და ჰერმეტულად - დახურულ ქილაში ან ყუთში შენახული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა