KA
სინორი

სინორი

თუ საქართველოში მოგზაურობას გეგმავ, ალბათ, უკვე გეცოდინება, რომ სტუმარმასპინძლობით განთქმულ ქვეყანაში საუკეთესო ღვინოები და გამორჩეული პროდუქტები აუცილებლად უნდა დააგემოვნო.

აქ ყველა კუთხის სამზარეულო განსაკუთრებულია და დანარჩენი მხარეების კერძებისგან სპეციფიკური გემოებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი განმაცვიფრებელი გასტრონომიული პროდუქტები სწორედ აჭარაში დაგხვდება, მხარეში, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონია. აქაური სილამაზე და ლანდშაფტები კიდევ უფრო ეგზოტიკურს გახდის შენს თავგადასავალს. რაც შეეხება აჭარულ კერძებს, ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნების შემდეგ სინორიც აუცილებლად უნდა გასინჯო.

რა არის სინორის საიდუმლო?

სიტყვა „სინორი“ აჭარულ დიალექტსა და ლაზურ ენაში საზღვარს ნიშნავს, თავად კერძი სინორი კი აჭარული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი - ნამდვილი განძია. ისიც, ისევე, როგორც მაღალმთიანი აჭარის კერძების 95%, კარაქით მზადდება, შესაბამისად, ცხიმოვანებითა და ნოყიერებით გამოირჩევა.

ამბობენ, რომ სინორის საიდუმლო მისი თხელი და ნაზი ფენებია. გამდნარი კარაქის, ნადუღისა და ნივრის არომატი კი ერთმანეთს სასიამოვნოდ ერწყმის, რაც კერძის გემოს მრავალფეროვანს ხდის.

სინორის მომზადების ტექნოლოგია

აჭარული ტრადიციული კერძი, რომელსაც ყველა აჭარულ ოჯახში შეხვდები, ერთ შეხედვით მარტივი ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა მისი მთავარი საიდუმლო ხარისხიან და სწორად შერჩეულ ინგრედიენტებშია.

სინორის მთავარი ინგრედიენტი საფუვრის გარეშე მოზელილი ცომია - უთხელესი ფირფიტები, რომლებსაც ღუმელში აცხობენ. მას ძველად იუხას უწოდებდნენ. დაბრაწული ტილოგადაფარებული იუხის ფენები რომ დარბილდება, გრაგნილის მსგავსად ახვევენ, შემდეგ კი დაახლოებით ორი თითის ზომაზე ჭრიან და ხის გობში ინახავენ.

კერძის მოსამზადებლად საუკეთესო ნადუღსა და კარაქს არჩევენ, რომელიც მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებული ნოყიერებითა და არომატით გამოირჩევა.

რამდენიმეფენიან, დაჭრილ იუხის ფირფიტებს ოდნავ ღრმა საცხობ ქვაბში, ერთმანეთის მიჯრით, ვერტიკალურად ალაგებენ. პარალელურად სხვა ქვაბში კარაქს ან ერბოს ადუღებენ და ცოტა ხანში დაჭყლეტილი ნივრითა და გემოვნებით მარილით შეზავებულ ნადუღს ამატებენ. იმისათვის, რომ ნადუღი და კარაქი ერთგვაროვან მასად გადაიქცეს, ცოტა წყალი და პერიოდული მორევაა აუცილებელი, რათა ეს ყველაფერი ჭურჭელს არ მიეკრას. რამდენიმეწუთიანი დუღილის შემდეგ, როცა ერთიანი შეკრული მასა გამზადდება, ცეცხლიდან გადმოდგამენ და იუხის ფირფიტებს ისე ასხამენ, რომ დაიფაროს. მომზადებულ სინორს რამდენიმე წუთით კარგად გაცხელებულ ღუმელში დებენ. როგორც კი ცომის ხვეულები ზემოდან მოიბრაწება, ღუმლიდან იღებენ და თავზე გამდნარ კარაქს ასხამენ. ეს სინორის მომზადების ტრადიციული ტექნოლოგიაა.

ინგრედიენტების პროპორციები კი ასეთია:

  • სინორი, ანუ იუხა - ორი ფირფიტა (დღეს ამისთვის „ბებოს ლავაშსაც“ იყენებენ);
  • ერბო ან კარაქი – 50 გრ;
  • ნადუღი – 500 გრ;
  • ნიორი – 30 გრ;
  • წყალი – 50 გრ;
  • მარილი - გემოვნებით.

აჭარაში სინორის რამდენიმე სახეობა არსებობს, მას ამზადებენ როგორც მაწვნით, ისე დოთი, რაც კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხეა და ასევე აჭარული იაღით - დამარილებულ კარაქით.

ტკბილი სინორის მომზადების წესი

აჭარაში ეგზოტიკურ კერძად ტკბილი სინორიც მიიჩნევა.

კარგად ადუღებულ ერბოში ან კარაქში შაქარი იყრება, რომელსაც ცოტა წყალსა და მარილს უმატებენ და მანამ ადუღებენ, სანამ შაქარი არ გადნება.

წინასწარ გამზადებულ სინორის ფენებს გატარებულ ნიგოზს აყრიან და ზევიდან ცეცხლზე მომზადებულ მასას ასხამენ. შემდეგ სინორს ღუმელში დებენ და როგორც კი დაიბრაწება, კერძი მზადაა. 

სინორი აჭარულ სუფრაზე

მართალია, სინორი ადვილად მოსამზადებელი კერძია და მას ოჯახებში ხშირად აკეთებენ, აჭარაში ის მაინც პატივსაცემ კერძად მიიჩნევა. ამიტომ ქორწილის სუფრაზე, განსაკუთრებით კი ზემო აჭარაში, მას საპატიო ადგილი უკავია.

სუფრაზე მიტანილ სინორს ზოგი ყველსაც ახეხავს, თუმცა, როგორი ფორმითაც არ უნდა ნახო სინორი და სადაც უნდა შემოგთავაზონ ის - აჭარულ ოჯახში თუ რესტორანში, აუცილებლად უნდა გასინჯო, რადგან ეს ნამდვილი გასტრონომიული აღმოჩენა იქნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა