სამსართულიან კოშკს მაღალი სართულები აქვს, მათ პრაქტიკულად ვერტიკალური კიბე აკავშირებს, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა აიარო. კოშკის სქელი კედლები თითქოს გეუბნებიან, რომ საუკუნეებს გაუძლებენ და უძლებენ კიდეც.
რატომ დაერქვა „სიყვარულის კოშკი“? ლეგენდა გვიამბობს, რომ მშვენიერი ქალი, მიაგულ პირველი, კვირიკობის დღესასწაულზე კარგ მონადირეს, ოტია მარგველანს შეხვედრია. ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეჰყვარებიათ, მაგრამ ოტიას ცოლი და ხუთი შვილი ჰყოლია და მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა არ მოუნდომებია.
დაშორებით დამწუხრებული ვაჟი სანადიროდ წასულა, ქარაფიდან მდინარეში ჩავარდნილა და დაღუპულა. ქმრის სიკვდილისთვის ცოლსაც ვერ გაუძლია და მასაც ენგურისთვის მიუცია თავი. ცოლ-ქმარი კალმახებად გადაქცეულან, განადგურებულ მიაგულს კი მამისთვის იმ ლოდზე კოშკის აგება უთხოვია, საცხოვრებლად იქ გადასულა და, სანამ ცოცხალი იყო, საკუთარი ხელით აპურებდა კალმახებად გადაქცეულ შეყვარებულსა და მის ცოლს.
როცა ენგურში წყალი იკლებს, კლდის ქვემოდან სუფთა წყარო ამოდის, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მიაგულის ცრემლებია.