KA

სკიტური დედაენაზე

დედაენის მარშრუტზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

საწყისი სიმაღლე - ზღვის დონიდან 2430

უმაღლესი წერტილი - ზღვის დონიდან 3488

ვერტიკალი - + 1058 მეტრი

ადგილმდებარეობა

მწვერვალი დედაენა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3488 მეტრია. მწვერვალი შედგება როგორც მარადიული თოვლისგან, ისე ციცაბო კლდეებისგან. მწვერვალზე განვითარებულია: ალპინიზმი, სკიტური, პარაპლანი. მწვერვალის მისადგომი გუდაურიდან 8 კილომეტრში, ჯვრის უღელტეხილთანაა. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება საქართველოს მთავარ სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილთან, სადაც ავტომობილს ტოვებ და გადაადგილებას მთის აღმოსავლეთ ფერდის ექსპოზიციაზე იწყებ. ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე უკვე ქედზე დგები და მას ბოლომდე მიუყვები. თოვლის კონდიციის მიხედვით, სერტიფიცირებული გამყოლი იღებს გადაწყვეტილებას, მთის წვერამდე ახვიდე თუ მანამდე დაიწყო დაშვება. ეშვები წინასწარ შერჩეული ტრაექტორიით, რომელიც ბოლოს საწყის წერტილს უერთდება. მარშრუტის დასაძლევად საჭირო დრო, მთლიანობაში, 7-8 საათია. მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან აპრილის ბოლომდე. 

რა უნდა გაითვალისწინო?

მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია გუდაურში არსებულ სასტუმროებში განთავსდე. მარშრუტი შესაძლოა თბილისიდანაც დაიგეგმოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა