KA

სკიტური ჰაწვალი-ზურულდი-წვირმიზე

საწყისი წერტილი - 1428 უმაღლესი წერტილი - 2336 ვერტიკალი - 908 ჰაწვალი-ზურულდი-წვირმის მარშრუტზე წასვლაც, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა, მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გახვიდე. ეს მარშრუტი იდეალურია სკიტურით დაინტერესებული დამწყებებისთვისაც.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, დაბა მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე, მდინარეების - მესტიაჭალასა და მულხურას ნაპირებზე მდებარეობს. ის გარშემორტყმულია ტყიანი ქედებითა და მწვერვალებით. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაბას ბანგურიანის ქედი დაჰყურებს. 

მარშრუტის მეორე დანიშნულების ადგილი - სოფელი წვირმი მესტიის ცენტრიდან 21 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1641 მეტრ სიმაღლეზეა. ის მდინარე პატარა ენგურის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზეა გაშლილი. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება მესტიაში, ჰაწვალის საბაგიროსთან, 1428 მეტრ სიმაღლეზე. საბაგიროთი ავდივართ ჰაწვალზე, საიდანაც ტყის გავლით ვიწყებთ ზურულდის ქედისკენ სვლას. 908 ვერტიკალური მეტრის გავლის შემდეგ ზურულდის ქედზე აღმოვჩნდებით და მას ჩრდილოეთით სწორ რელიეფზე გავუყვებით.

ზურულდის ქედის უმაღლესი წერტილიდან, რომელიც 2336 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, წვირმის თემისკენ წინასწარ შერჩეული ტრაექტორიით ვეშვებით. სრიალს ვასრულებთ წვირმის თემში, საიდანაც ავტომობილით ვბრუნდებით მესტიაში. 

ასავლელი ვერტიკალი 695 მეტრია.  

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის ბოლო ადგილიდან მესტიაში დასაბრუნებლად მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება.  

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს - ერთი მრავალდღიანი ბილეთით შეგიძლია გოდერძის, მესტიის, კურორტ გუდაურის, ბაკურიანის საბაგიროებით ისარგებლო. 

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში დაბინავდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა