ლომისა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს.
მარშრუტი ქვემო მლეთაში იწყება, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან (1876 წ.). სოფლის ბოლოს ლომისის მონასტრისკენ 8-კილომეტრიანი გზაა.
მლეთის მთიდან, რომელზედაც ეკლესია დგას, თეთრი არაგვის ხეობა მოჩანს.
ფერდობის მეორე მხარეს - ქსნის ხეობაში ჩასვლა სახიფათოა, რადგან ეს ტერიტორია (ახალგორის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება) რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და მას რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.
გადმოცემით, როცა აქ, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ეკლესიის აშენება გადაწყდა, ქსნის ხეობისა და არაგვის ხეობის მოსახლეობას შორის დავა დაწყებულა - საით უნდა ჰქონოდა ეკლესიას კარი. ბოლოს ასე შეთანხმებულან - გასაღები არაგვის ხეობას ჩააბარეს და ეკლესიის კარი ქსნის მხარეს დატოვეს.
XIII საუკუნეში ჯალალედინს 7000 არაგველი ტყვედ წაუყვანია. არაგველებს თან წაუღიათ წმინდა გიორგის ხატი. სანამ ხატი და ტყვეები არ გაუთავისუფლებიათ, ხვარაზმში თურმე არც მოსავალი მოდიოდა და არც საქონელი მრავლდებოდა. გათავისუფლებულ ტყვეებს ხატი ხარზე დადებული წამოუღიათ. ხარი ბოლოს მლეთის მთაზე გაჩერებულა, სადაც ეს სალოცავი აუგიათ.
ტაძარში რკინის ჯაჭვსაც ნახავ, რომელზედაც ამბობენ: თუ კისერზე შემოიდებ და ტაძარს შემოუვლი, ნატვრა აგისრულდებაო.
აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს უძველესი სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება.