KA

ადიში

ზღვის დონიდან 2040 მეტრ სიმაღლეზე, კავკასიონის მთების შუაგულში მოქცეულ სოფელ ადიშში თუ მოხვდები, ნამდვილად უნიკალურ გამოცდილებას მიიღებ, რადგან ის ერთ-ერთი უძველესი ადგილია სვანეთში, ხოლო Აქაური ხედები, ეკლესიები და ავთენტიკური არქიტექტურა მრავალსაუკუნოვან ამბებს დაინტერესებულ სტუმრებს დღემდე უნახავს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
9:00 სთ
ბათუმი
6:05 სთ
ქუთაისი
5:35 სთ

ადიშის ღირსშესანიშნაობები  

ადიში პატარა სოფელია, თუმცა მისი როლი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში განუზომლად დიდია. სვანეთის სხვა სოფლებთან შედარებით, ადიში „ხელუხლებელია“, რადგან აქ ტურისტებს ნაკლებად შეხვდები. შუა საუკუნეებში აგებულ ქვის სახლებს სვანური კოშკები უმშვენებს გვერდს, მისივე სახელის მქონე მყინვარი კი სოფელს მცველივით გადმოჰყურებს. 

სვანური კოშკების გარდა, სოფელში დარბაზული ტიპის ოთხი ეკლესიაა:

• X-XI საუკუნეებით დათარიღებულ მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში მაღალი ოსტატობით შესრულებული XII საუკუნის მხატვრობაა შემორჩენილი; 

• XI-XII საუკუნეებში აგებულ წმ. გიორგის ორ ტაძარში წმინდანის ცხოვრების ეპიზოდების ამსახველ მხატვრობას ნახავ;

• მეოთხე კი მთავარანგელოზის ტაძარია, რომელიც  XII საუკუნით თარიღდება და უძველესი ფრესკებითაა შემკული.

ადიშში ასევე აღმოჩენილია ქართული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი - შატბერდის მონასტერში გადაწერილი ადიშის ოთხთავი, რომელიც ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. 

როგორ მოვხვდეთ ადიშში?

ადიში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ მესტიიდან 27 კილომეტრში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. 

ადიშისკენ მიმავალი გზა ცალკე თავგადასავალია. ადიშში მოსახვედრად ჯერ მესტიაში უნდა ჩახვიდე, ამისთვის კი რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება შეგიძლია გამოიყენო.

თბილისიდან მესტიამდე 464-კილომეტრიანი გზაა, რომლის დაფარვასაც მსუბუქი ავტომობილით ან მინივენით შეძლებ. გარდა ამისა, მესტიამდე თვითმფრინავითაც შეგიძლია გადაფრინდე ქუთაისიდან ან თბილისის მახლობლად - სოფელ ნატახტრიდან. ზუგდიდის სადგურამდე მატარებლითაც მიხვალ, მესტიამდე დარჩენილ გზას კი მინივენით, ტაქსით ან ავტოსტოპით დაფარავ.

მესტიიდან ადიშამდე გზის უმეტესი ნაწილი დაკლაკნილი და უსწორმასწოროა, ბოლო მონაკვეთი კი - ძალიან რთულად გასავლელი, ამიტომ აქ მხოლოდ ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანით უნდა იარო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა