KA

პანკისის ხეობა

საქართველოში მოგზაურობა საინტერესო და დაუვიწყარია არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთგვარი კლიმატური მოდელია; არა მხოლოდ დაუვიწყარი ბუნების გამო, რომელიც საშუალებას გაძლევს, ერთდროულად იმოგზაურო მთაში, ზღვაზე, უდაბნოში, ვრცელ ვაკეში; არა მხოლოდ უძველესი ისტორიის, უნიკალური ფოლკლორისა და მრავალფეროვანი სამზარეულოსა და ღვინის გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ეს არის მოგზაურობა სხვადასხვა კულტურის, ტრადიციების, ეთნოსისა თუ რელიგიური მრწამსის ადამიანების სამშობლოში. მაგალითისთვის პანკისს ვესტუმროთ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:30 სთ
ბათუმი
7:10 სთ
ქუთაისი
5:00 სთ

მდებარეობა?

პანკისი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. ის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაში, დიდგვერდ-ნაქერალას ქედებზე მდებარეობს, იქ, სადაც ორი მდინარის შეერთებით კახეთის მთავარი მდინარე - ალაზანი წარმოიშობა.  ეს არის ულამაზესი ბუნებით, კავკასიონის მწვერვალებით, დიდრონი ფოთლოვანი ტყეებით, მრავალფეროვანი მინდვრებითა და მთის ანკარა მდინარეებით გამორჩეული მხარე.

რას გვთავაზობს პანკისი?

თბილისიდან 2 საათის სავალზე  გაშლილი ეს ხეობა შესანიშნავი ადგილია კემპინგის მოყვარულებისთვის. ალაზნის სანაპიროზე კარვების გაშლის შემდეგ შეგიძლია, მშვიდ გარემოში ინებივრო, ან სამთო-საფეხმავლო ტური დაგეგმო პანკისიდან თუშეთში, ხევსურეთსა და უკანა ფშავში. 

შეგიძლია, ცხენებით სეირნობა აირჩიო და თუ ჯირითი არ იცი, არ შეგეშინდეს, ადგილობრივები ცხენის მართვას მარტივად გასწავლიან.  შეგიძლია, იქვე დაიქირაო ველოსიპედი და ხეობის ველური ბუნება შემოიარო, მათ შორის - ხადორის ულამაზესი ჩანჩქერი, ტბათანა და სხვა საინტერესო ადგილები, გადაიღო ფოტოები და არაჩვეულებრივი პანკისელები გაიცნო. 

პანკისელები

შეხვალ თუ არა პანკისის ხეობაში, ეკლესიებთან ერთად, შენიშნავ მეჩეთებს, ქართულისგან განსხვავებულ საფლავის ლოდებს და, რაც მთავარია, სალი ქვებისგან ნაშენ კოშკებს, რომელთა მსგავსს სხვაგან ვერსად ნახავ. ეს ყველაფერი მიგანიშნებს, რომ განსხვავებულ ეთნოკულტურულ გარემოში იმყოფები.

პანკისელები საკუთარ თავს „ქისტიე“ ვაიმახებს უწოდებენ, რაც ითარგმნება, როგორც „ჩვენი ხალხი“ და იგულისხმებიან ქისტები, ინგუშები და ჩეჩნები.

ეს კავკასიური ტომები, რომელთა ნაწილი ქრისტიანი იყო, ოდითგანვე მეგობრობდნენ ქართველებთან. საქართველოში ჩამოსახლება კი XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყეს, როდესაც გამაჰმადიანების საფრთხე დაემუქრათ. თუმცა, საბოლოოდ, 2000-იანი წლების შემდეგ პანკისში ისლამი სრულად  გავრცელდა.

ამ თბილ და ვაჟკაც ხალხთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. როდესაც მათ სიმღერას მოისმენ, იქაურ ცეკვას ნახავ და იქაურ სამზარეულოს - ცხვრის ხინკალს, ჭააბილგს (უთხელესი ხაჭაპური), ქისტურ ჰალვას დააგემოვნებ და ამ ყველაფერს ზედ უალკოჰოლო ლუდს დააყოლებ, მიხვდები, რომ პანკისში კიდევ ერთი საქართველო აღმოაჩინე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა