სოფელი გაშენებულია მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე. რეგიონის ამ პატარა სოფელში განსაკუთრებული თვისებების ცოლიკაური ხარობს, რომელიც ქართული ვაზის ჯიშია და მისი ყურძნისგან უმაღლესი ხარისხის, თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო იწარმოება.
ტვიშის მოსახლეობის უმეტესობა მევენახეობა-მეღვინეობას მისდევს. აქ გაშენებულია ცოლიკაურის ვენახები, გახსნილია საოჯახო სასტუმროები და მარნები. შეგიძლია აქ ეს უნიკალური ტვიშის ცოლიკაური დააგემოვნო და შეიძინო კიდეც.
სოფელ ტვიშს გარშემო ტყე აკრავს, სადაც წაბლის, წიფლის, რცხილის, მუხის, ნეკერჩხლისა და ცაცხვის ხეებია გავრცელებული.
სოფელში თევზით მდიდარი მდინარე რიონი მოედინება და თუ თევზაობა გიყვარს, აქ შესაძლებელია დაიჭირო წვერა, ლოქო, კარჩხანა, ქორჭილა, ქაშაყი, კობრი და ღორჯო.
ამ ლამაზ სოფლამდე ქალაქ ცაგერიდან მანძილი 33 კილომეტრია.