სოფელი უფლისციხე გორის მუნიციპალიტეტში, ციხე-ქალაქის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. დღეს ის ნასოფლარია, თუმცა XX საუკუნის ტოპოგრაფიული რუკა გვეუბნება, რომ 1960-იან წლებამდე აქ 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან კი, კლიმატის ცვლილების გამო, ხალხი მდინარის გადაღმა გადასახლდა.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ადგილობრივებს მეტად მოსწონთ - საცხოვრებლის მასობრივად შეცვლის მიზეზი მიწის ღრმა ფენებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთი – სამარხები ყოფილა, რადგან გაირკვა, რომ აქ მოსახლეობა საფლავებზე ცხოვრობდა.
უფლისციხის ნასოფლარში დღესაც ნახავ სახლების ნაშთს. შემორჩენილი ფოტოების მიხედვით, გასული საუკუნის დასაწყისამდე სოფლის სასაფლაოზე სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო და ორი დარბაზული ეკლესიაც იდგა. შემდეგ მათი კვალი ქრება. სავარაუდოდ, ნაგებობები გორის დიდი მიწისძვრის დროს, 1920 წელს დაინგრა.