საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ღები

სოფელი ღები საისტორიო წყაროებში პირველად 1503 წელს მოიხსენიება, თუმცაღა მისი ისტორია ბევრად ადრე იწყება. საინტერესოა რომ სიტყვა „ღები“ სვანურად ჩაღრმავებულს ნიშნავს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:30 სთ
ბათუმი
5:10 სთ
ქუთაისი
2:45 სთ

ღები - ბუნება და ისტორია 

სოფელი ღები ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, რაჭისა და სვანეთის გასაყარზე, ონიდან 35 კმ-ში მდებარეობს. მდინარე რიონი მას შუაზე ყოფს, ალპურ ზოლში კი 11 ულამაზესი ტბა ერთმანეთის მიყოლებითაა ჩარიგებული. აქაურობა წელიწადის ყველა დროს ლამაზია. მკაცრი მთების ბუნებრივი გალავანი ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერში იმოსება. 

ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის. აქ აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს ხანის ასზე მეტი მაღარო, სადაც მადნეულს მოიპოვებდნენ. ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანაში ღები ამიერ და იმიერ კავკასიას შორის სატრანზიტო გზაც გახლდათ. 

ღები - რას ნიშნავს თავისუფლება?

ღები და ღებელები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საქართველოში ბატონებისგან განთავისუფლდნენ:
ღებში სხვადასხვა მხრიდან წამოსული გვარები სახლობდნენ. ყველა თავისუფლებისმოყვარე იყო, ვერავის ბატონობას ვერ ეგუებოდა. ერთხელაც ღებელებმა თავად არეშიძეების მოურავი მოისყიდეს და ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არეშიძე მოკლეს. მესამე ცხენით რიონზე აპირებდა გადასვლას, როცა ღებელი ქალი, დოდუკი გადევნებია, - წყალზე გადამიყვანეო. არეშიძეს ქალი ცხენზე შემოუსვამს, მაგრამ შუა გზაში დოდუკი ცხენიდან გადამხტარა და ბატონიც წყალში გადაუყოლებია.  

როგორც ამბობენ, ქალს დაბარებული ჰქონია, სიკვდილის შემდეგ ერთი კვერი ჩემს სახელზეც გამოაცხვეთო. ღებელები დოდუკის თხოვნას ასრულებენ, როცა საკურთხს (მიცვალებულების სახელზე მომზადებული სუფრა) აკეთებენ, ორ კვერს მისთვისაც აცხობენ.  

ღების ღირსშესანიშნაობები

ღებელების მებრძოლ ბუნებაზე შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურის სამ და ოთხსართულიანი კოშკურის ტიპის დუროიანი სახლები მიანიშნებს, რომლებსაც საცხოვრებელი, საბრძოლო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. მათგან მხოლოდ ერთია შემორჩენილი და დედაღვთისად იწოდება.

სოფელ ღებში X-XI საუკუნეების ქრისტიანულ ძეგლებსაც ნახავ: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ბრილისა და შოდის წმინდა გიორგის, თევრეშოსა და გონის მთავარანგელოზის ეკლესიებს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა