გზა ჟინვალის წყალსაცავის გავლით არაგვის ულამაზეს ხეობას მიუყვება;
ფშავის პატარ-პატარა სოფლებს რომ ჩაუვლი, შუაფხოს გადასახვევთან უკანა ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის არაგვის შეერთებასაც ნახავ - ამ ადგილს ორწყალს უწოდებენ.
მალე ბარისახოც შეგხვდება, გზად კი დაცარიელებულ სოფლებსა და ნასოფლარებს აივლი. ულამაზესი ხედების ცქერით გართულმა შეიძლება ვერ შენიშნო, როგორ მოექცევი ზღვის დონიდან 2676 მეტრზე - დათვისჯვარის უღელტეხილზე. ამ ადგილას ჯობს, შეისვენო და საათნახევრიანი გზისთვის მოემზადო, რომელიც შატილამდე აგიყვანს.
ლებაისკარი, კისტანი, გიორგიწმინდა და გუროსხევი მიტოვებული სოფლებია და ძირითადად საძოვრებად იყენებენ. თუ მარშრუტს ფეხით გადიხარ, ფარასთან მიახლოება საფრთხილოა, რადგან აქ თითქმის ყველა ფარას კავკასიური ნაგაზი დარაჯობს.
უღელტეხილიდან გზა დაბლა ეშვება და მდინარე არღუნის ვიწრო ხეობას მიუყვება. მალე ტერასულად გაშენებულ კოშკებს დაინახავ და გაოცებას ვერ დამალავ - აი, ეს უკვე შატილია, შუა საუკუნეების ხევსურული ციხე-სოფელი, რომელიც სამოცზე მეტ კოშკს აერთიანებს. შატილის კოშკები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია.
ეს ისტორიული სოფელი საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა და დარაჯობდა ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელ ბილიკებს.
შატილის კოშკები უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებია. სოფელს სულ რაღაც ერთი ჰექტარი უჭირავს; ნატეხი, ფიქალი და რიყის ქვებით აგებული კოშკები მიჯრით დგას, რათა მათ შიგნით ადამიანების გადაადგილება გარედან შეუმჩნეველი ყოფილიყო. ყველა შენობა ერთმანეთს შიდა გასასვლელებითა და კიბეებით უკავშირდება.
შატილის კომპლექსში შედის ციხე-სახლები, საცხოვრებელი კოშკურები, კალოიანი, ბანიანი სახლები და საფიხვნო, სადაც სოფლის უხუცესები იკრიბებოდნენ და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ. ქალებისათვის სპეციალურ ნაგებობასაც ნახავ, რომელსაც სამრევლო ჰქვია.
ამ უნიკალური სოფლის დათვალიერებას ერთი დღეც ჰყოფნის, მაგრამ ჯობს, თუ აქ ღამითაც დარჩები. მდინარე არღუნის პირას კარვების გაშლის შესაძლებლობაც გექნება, კოშკებში კი ამ სოფლის მკვიდრ ჭინჭარაულებს ორი სასტუმრო აქვთ მოწყობილი. კომპლექსის გარეთ აქ რამდენიმე საოჯახო სასტუმროსაც შეხვდები, სადაც ხევსურული ხინკლით და სხვა კერძებით გაგიმასპინძლდებიან.