KA

ხაიში

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ის დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
6:45 სთ
ბათუმი
3:45 სთ
ქუთაისი
3:15 სთ

თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლოა აქაური მწვერვალები, ქარაფები და ციხე-კოშკები, რომლებიც მოგზაურებში, დამსვენებლებსა თუ სამთო სპორტის მოყვარულებში ძალიან პოპულარულია. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ასევე საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურის ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და შთამბეჭდავი ბუნებით.

სად მდებარეობს ხაიში

როდესაც სვანეთში მოხვდები, ხაიშის თემს აუცილებლად უნდა ესტუმრო. ის ოცზე მეტ სოფელს აერთიანებს და ზუგდიდსა და მესტიას შორის, უზარმაზარი მთებისა და კლდეების კალთებზე მდებარეობს. აქ მოხვედრა თბილისიდან მიკროავტობუსით ან მანქანით შეგიძლია, გზა 380 კილომეტრია. ხაიშამდე თვითმფრინავითაც იმგზავრებ, რომელიც მესტიის მიმართულებით ნატახტრის აეროდრომიდან დაფრინავს.  

რას ნახავ ხაიშში?

ხაიშში მრავლადაა უძველესი ციხესიმაგრეების ნანგრევები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში როგორც რელიგიური, ისე თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ასევე, აუცილებლად უნდა ნახო შუა საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაც.

ხაიშის ბუნება  

ხაიში დიდი და პატარა მდინარეებისა და ხეობების მხარეა. აქ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდინარე - ენგური მოედინება. ენგურს ხაიშში შედარებით პატარა მდინარე - ხაიშურა უერთდება, რომელიც ულამაზესი ხეობიდან მოდის და თავისი მოლურჯო შეფერილობით სიმწვანით დაფარულ უზარმაზარ მთებს შორის საოცარ შტრიხებს ქმნის.  

სვანური სამზარეულო 

ხაიშიდან კუბდარის, ჭვიშტარის, ლეცვმარის, ლუკნეს, ქნაშის, ლუგიმბაშის, ნარჩვისა და სხვა სვანური კერძების გასინჯვის გარეშე არ უნდა წამოხვიდე. აქაური სამზარეულო კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ ადგილობრივების მიერ შექმნილი სვანური კერძები ნამდვილი საოცრებაა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა