მდინარის მარჯვენა სანაპიროზე აშენებულ დარბაზულ ტაძარს თანაბრად ანათებს ცხრა თაღოვანი და ორი წრიული სარკმელი. თლილი ქვის კვადრებით მოპირკეთებული კედლები XIV-XV საუკუნეების ფრესკებით იყო დაფარული, თუმცა ისინი ახლა მხოლოდ საკურთხევლის, კამარისა და დასავლეთ ნაწილის კედლებზე შემორჩა.
ტაძრის ერთ-ერთ ფასადზე ყრმა იოანე ნათლისმცემელია გამოსახული - ეს არის ერთადერთი ფრესკა საქართველოში, სადაც იოანე ნათლისმცემლის ბავშვობაა ასახული.
ტაძრიდან მოშორებით, გზის პირას ოთხკუთხა მარანს ნახავ, სადაც ძველი საწნახელი და ქვევრები ინახება. მდინარე სხალთაზე კი შუა საუკუნეების ხიდია გადებული.
ეკლესიის შესახებ იმდენად ცოტა ინფორმაციაა შემორჩენილი, რომ მისი აგების ზუსტი თარიღიც დაუდგენელია. მკვლევრები ჯერაც დავობენ, X-XI საუკუნის ძეგლია ის თუ XII-XIII საუკუნეებს ეკუთვნის.
სხალთის მონასტერს საინტერესო ლეგენდა უკავშირდება. ამბობენ, რომ ერთხელ, როდესაც საქართველოს მტრის ურდოები შემოესივნენ, ქართველთა მეფე თამარი, რომლის სახელსაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმები უკავშირდება, ხიხანის ციხეში გადავიდა, საიდანაც საიდუმლო გზით სალოცავად სწორედ სხალთის ეკლესიაში დადიოდა.
სხალთის ეკლესია მოქმედია და დღეს აქ მამათა მონასტერია.