KA
Skhvilo Fortress

სხვილოს ციხე

შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალასთან რიყის ქვით ნაგებ ერთ ციხეს შეხვდები, რომელიც მაღალი მთის ქედზეა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. ეს ქონგურებიანი გალავნით გარშემორტყმული სხვილოს ციხეა, რომელშიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

სხვილოს ციხის ისტორია

ისტორიულ წყაროებში სხვილოს ციხე პირველად X საუკუნეში გვხვდება, რადგან სწორედ აქ იყო ქართლის მთავრების რეზიდენცია. 1632 წელს კი ქართლის მეფის ტახტისთვის გამართულ ბრძოლაში ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად დაზიანებულა. XVIII საუკუნეში, ლეკების, ოსმალებისა და ყიზილბაშების შემოსევების პერიოდში ქართველები სხვილოს ციხეში იყვნენ გამაგრებულნი, რადგან ციხესიმაგრე თავდაცვის კარგ შესაძლებლობას იძლეოდა. 

სხვილოს ციხის სტრუქტურა

ხუთსართულიან კოშკს ერთადერთი შესასვლელი აქვს, რომელიც მიწიდან 6 მეტრზე მდებარეობს. ყოველ სართულზე, ყველა კედელზე აქ სარკმლებსა და სათოფურებს შეხვდები. მეხუთე სართულზე კი ციხეს დიდი აივანი აქვს, საიდანაც ეზოს კონტროლია შესაძლებელი. 

ციხის გალავნის კედლების ქვედა ნაწილი ყრუა, ზევით კი სათვალთვალოებს, სალოდეებს, მეომრების სადგომებსა და სათოფურებს ნახავ.

გალავნის სამხრეთით კიდევ ერთი, მცირე ზომის კოშკია განთავსებული. ციხის ეზოში წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები დგას.  

სხვილოს ციხე ქართულ კინემატოგრაფიაში

უკაცრიელ ადგილზე აგებულ უძველეს ისტორიულ ძეგლს დღეს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს, თუმცა ეს ადგილი განსაკუთრებით კინომოყვარულებს იზიდავს, რადგან ცნობილი ქართული ფილმის „შერეკილების“ ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ სხვილოს ციხეშია გადაღებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა