ტური ტაბაწყურიდან იწყება, მაღალმთიანი ზონის სოფლიდან, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ზღვის დონიდან 1990-2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს და წელიწადის ყველა დროს ლამაზია სანახავია.
სოფელი ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. გაშენებულია ტაბაწყურის ულამაზეს ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე. ტაბაწყურის ტბა საქართველოს ტერიტორიაზე (რიწის ტბის შემდეგ) სიღრმით მეორეა (მაქსიმალური სიღრმე - 40,2 მ, საშუალო სიღრმე - 15,5 მ.).
Ტაბაწყურის ტბა გარიელის საბინადრო გარემოა და ამასთან დაკავშირებით სოფელში ინტერპრეტირებული ბილიკიც არსებობს.
ფრინველების გადაფრენის პერიოდში, რომელიც ზაფხულის მიწურულს იწყება და რამდენიმე თვე გრძელდება, ტაბაწყური, ისევე როგორც ზოგადად ჯავახეთის ტბები, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოგზაური წყალმცურავებისთვის დასასვენებელი და საკვები ადგილია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე კი ტბა იყინება.
ტაბაწყურის ლურჯი ტბის შემდეგ ლევანის მყინვარულ ტბასთან მიხვალ. ამისთვის გეზი აბულ-სამსრის ქედისკენ უნდა აიღო და თავკვეთილის ვულკანური მთა გადაიარო. აქ ზღვის დონიდან 2583 მეტრზე ადიხარ და საოცარი ხედები იშლება. გაზაფხულზე თავკვეთილის მთის კალთები ალპური ყვავილებითაა დაფარული.
თავკვეთილის მთის გადავლის შემდეგ, გოდორების მთასთან ლევანის ტბას დაინახავ. ის ჯავახეთის მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე მაღლა - ზღვის დონიდან 2565 მეტრზე მდებარეობს. ტბის წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. ჰორიზონტზე გაწოლილი ნისლი თუ დაგხვდა, კიდევ უფრო ამაღელვებელი შთაბეჭდილებები გელის.
ლევანის ტბასთან საკარვე ადგილსაც შეარჩევ და ღამის თევით დარჩები.
შემდეგი გაჩერება აბულის ტბაა, რომელიც ლევანის ტბაზე პატარა, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია. ის ზღვის დონიდან 2176 მეტრზე მდებარეობს. მაქსიმალური სიღრმე 1.4 მეტრია. ტბა გაუმდინარეა და მისი დიდი ნაწილი წყალმცენარეებითაა დაფარული. მთებში ჩაფლული ტბის ირგვლივ სიჩუმეს გაზაფხულზე მხოლოდ ჭექა-ქუხილის ხმა თუ დაარღვევს. ზამთარში კი აბულის ტბაც იყინება.
აბულის ტბის შემდეგ სოფელ განძანს მიუახლოვდები, რომელიც მდინარე ფარავნის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 2020-2070 მ სიმაღლეზე მდებარეობს. განძანში შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების ორი ქართული ეკლესია და XIX საუკუნის სომხური ეკლესია.