KA
ტენილი ყველი

ტენილი ყველი

„მესხური ტენილი“ ქართული ყველეულის უნიკალური და განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ის ყველა სხვა ყველისგან განსხვავებული ქართული ყველია, რომელიც საუკუნეების წინათ მესხეთში დაიბადა. ტენილი ყველი გამორჩეულია როგორც გემოთი, ისე ფორმით, რაც ხანგრძლივი შრომის შედეგია.

როგორ მზადდება ტენილი ყველი

ტენილი ყველი ცხვრის ან ძროხის რძისგან მზადდება და განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. ამოყვანილ ყველს ცხელ შრატში მანამ ატრიალებენ, სანამ ძაფის ფორმა არ მიეცემა. მას კარგად რეცხავენ ცივ, მარილიან წყალში და ერთი დღით საშრობზე გადაკიდებენ, მერე გამშრალს დაჭრიან, ნაღებში ამოავლებენ და თიხის ქოთანში კარგად ჩატენიან. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

ყველს ქოთანში ისე ტენიან, რომ ჰაერი არ ჩაჰყვეს. შემდეგ თავზე მარლას გადააფარებენ, გაცრილ, წმინდა ნაცარზე ისე გადმოაპირქვავებენ, რომ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში ყველანაირი ტენისგან დაიცალოს და კარგად დავარგდეს.  

„მესხური ტენილის“ დამზადება დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა უცხოელი მეყველეებისა და ტურისტების აღიარებამ ინტერესი ახალგაზრდებშიც გააჩინა, რის გამოც ამ ურთულეს საქმეს ბევრმა მოჰკიდა ხელი. როგორც ძველად სამცხე-ჯავახეთში იტყოდნენ, „ყველაზე ძვირფასი სტუმრის“ ყველს დღესდღეობით (გასაყიდად გამოტანილს) თბილისშიც შეხვდებით. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა