KA
Tobavarchkhili Lake

ტობავარჩხილის ტბა

ჩამქრალი ვულკანის კრატერში ლურჯ-ვერცხლისფრად მოელვარე ტობავარჩხილის შესახებ ბევრი თქმულება არსებობს. ადგილობრივებს დღემდე ახსოვთ თავიანთი წინაპრების სიტყვები – „ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება“. ცხადია, ეს მითია, მაგრამ ამ საოცრად მშვიდ ადგილს მისტიკურობას სძენს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

მდებარეობა

ტობავარჩხილის შესახებ ხალხში გავრცელებულ ამბებზე არანაკლებ მომნუსხველია ამ ტბამდე მისასვლელი გზა და ირგვლივ ბუნება. 

ტობავარჩხილის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ეგრისის ქედის სამხრეთით მდებარეობს. გარს ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები აკრავს, ზემოდან კი სუბალპური და ალპური მდელოები დაჰყურებს. მის გარშემო კიდევ სამი, შედარებით მცირე ზომის ტბაა - კალალიშ ტობა, დიდღლიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.

თავად ტობავარჩხილი, რომელიც ზღვის დონიდან 2650 მეტრზეა, ამაყად გადმოჰყურებს ხობისწყალს.  

რას ნახავ?

სანამ ტობავარჩხილამდე ახვალ, ხობისწყლის ხეობაში ერთ მარშრუტზე შეგხვდება ბუნების ყველა საოცრება: მღვიმეები, მინერალური წყლები, ალპური ტბები, მდინარე მაგანის კანიონი, ჩანჩქერი, ხავსიანი მასივები და სხვა.
და რაც უფრო მაღლა ადიხარ, უფრო და უფრო გრძნობ, როგორი სიმშვიდე მოაქვს ხელშეუხებელ ბუნებას.

ლეგენდა

შუა გზაში, ნათიფურეს მთის ძირში, მწყემსების ხის ქოხს დაინახავ. აქ თუ შეისვენებ, მეგრული სამზარეულოს მთავარი კერძი - უგემრიელესი ელარჯიც უნდა გასინჯო. აქაურები მოგიყვებიან ისტორიებს ტობავარჩხილის შესახებ. გეტყვიან, რომ ტობავარჩხილის ტბა წმინდა ტბაა, მასში ღმერთის შთამომავალმა, გოლიათმა არამხუტუმ განიბანა მტკივნეული ჭრილობა, რომელიც აქაურობის დასაცავად ბოროტ გოლიათთან ბრძოლაში მიუღია. ლეგენდის თანახმად, გოლიათები არამხუტუ და ოჩოკოჩი ამ მიდამოებში ერთმანეთს ლოდებს ესროდნენ, ერთი ყვირის მთაზე იდგა, მეორე – ოხაჩქუეზე. მიწაზე დაცვენილი ლოდები მთის კალთებზე უზარმაზარ ღრმულებს აჩენდა, რომლებიც დროთა განმავლობაში დეფორმირდა და ძაბრის ფორმა მიიღო. ამ ძაბრში ჩარჩენილ თოვლს ჯიშთი ეწოდება და მესაქონლეები მაცივრად იყენებენ. ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ჯიშთში ჩაცივებული მაწონი, რომელიც უგემრიელესია. 

საბოლოოდ, კეთილს ბოროტი დაუმარცხებია, თუმცა ოჩოკოჩს მაინც მოუსწრია და ბოლოს ნასროლი ლოდით არამხუტუ მკლავში დაუჭრია. ღმერთის შთამომავალმა მტკივნეული ჭრილობა იქვე ტბაში ამოიბანა. ალბათ, იმ ტკივილთან ასოცირდებოდა ხალხში დღემდე გავრცელებული თქმულება, რომ ტობავარჩხილში ხელის ამობანას ჭექა-ქუხილი მოჰყვება.

დარჩენილი გზა

აქედან გზას, დაახლოებით 8 კმ-ს, უკვე ფეხით ან ცხენებით გაივლი და ცაშიკიბულზე (ცაში ასასვლელი კიბე) ახვალ. ცნობისათვის, ცაშიკიბული სამეგრელოს ყველაზე მაღალი მწვერვალია და საინტერესოა იმით, რომ აქ ასვლა გამოუცდელი მოლაშქრისთვისაც მარტივია. მწვერვალის ერთ მხარეს კი პიტალო კლდეა და ეს უკვე ალპინისტების მარშრუტია.

როცა ცაშიკიბულს თავზე მოექცევი და სამყაროს 3116 მეტრის სიმაღლიდან გადმოხედავ, იფიქრებ, რომ ეს უკვე საოცრებაა და ამის შემდეგ აღარაფერი გაგაკვირვებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ წინ ტობავარჩხილია. გზა ისევ გრძელდება და მალე სალ კლდეებს შორის ლურჯ-მწვანედ მოელვარე, მშვიდი ტბა გამოჩნდება. ტბის სიღრმე, საშუალოდ, 16 მეტრია, ზედაპირის ფართობი - 0,21 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტობავარჩხილი გამდინარეა. ამ ტბიდან იღებს სათავეს მდინარე მაგანა. 

ტბის მტკნარ წყალში თევზები არ ბინადრობენ; ირგვლივ ხეები არ არის, მხოლოდ ალპური ყვავილები იზრდება; ტბის წყალშიც ერთადერთი, დიდებული ცაშიკიბული ირეკლება.

თუ ფეხით ლაშქრობა გიძნელდება, 2021 წელს ტბამდე ცენტრალური გზა გაკეთდა, რაც ტბაზე ასვლას გაგიადვილებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა