ლაშქრობა იწყება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშიდან (2100 მ) და ეს სოფელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
სალაშქრო მანძილი 9 კმ-ია და მის დასაფარად 7-8 საათია საჭირო.
გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთით, შხარისკენ უნდა აიღო. შხარა (5208 მ) მწვერვალია ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზე და ალპინისტური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. სალაშქრო ბილიკი მიდის შხარის მყინვარის ძირთან. აქ ზღვის დონიდან 2900 მეტრზე ახვალ და ყველაზე ახლოს დაინახავ მკაცრი შხარის თოვლიან კალთებს.
გზა დაღმართზე გრძელდება აღმოსავლეთით, ნამყვამის პლატოზე. დაახლოებით 3 კილომეტრში გამოჩნდება მყინვარული წარმოშობის ულამაზესი ნამყვამის (რომისღელის) ტბა – მარშრუტის საბოლოო წერტილი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მეტრია. აქ ჯადოსნური გარემო გელოდება - პატარა ტბაში არეკლილი თოვლიანი შხარითა და გარშემორტყმული ალპური მდელოებით.