ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება უშგულია. ეს სოფელი სვანეთის ერთ-ერთი უკიდურესი წერტილია, საიდანაც ბილიკები კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებისკენ მიდის.
უშგული ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და გარე სამყაროს უშგული-მესტიისა და უშგული-ლენტეხის გზებით უკავშირდება, რომლებზე გავლაც წელიწადში მხოლოდ 4 თვეა შესაძლებელი, 8 თვე ის ჭრაჭუნა თოვლითაა დაფარული.
თავისი მდებარეობის გამო, უშგული თითქმის მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთსა და გარე სამყაროს. აქედან 7 კილომეტრით დაშორებულ უახლოეს თემამდე გადასვლაც კი საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. შესაბამისად, აქ მტერიც ვერ ამოდიოდა.
ამ უბატონო სოფლის სახელი „უშიშარ გულს“ უკავშირდება.
უშგული არა რომელიმე კონკრეტული სოფლის, არამედ 5 პატარა სოფლისგან შემდგარი თემის სახელია. სწორედ ამ პატარა სოფლებიდან დაწყებულ ბილიკებს მივყავართ კავკასიონის დიდ მწვერვალამდე.
ფანტასტიკური ხედების გარდა, უშგულის თემის სოფლებში ნახავ: სვანური კოშკების სიმრავლეს და არაჩვეულებრივ სვანურ არქიტექტურას, საკულტო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით.
უშგულში აუცილებლად უნდა დაათვალიერო ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – უშგულის ლამარია, არქეოლოგიური მუზეუმი, თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები, უშგულთან მდებარე სოფელ მურყმელის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვა.
მისი უნიკალური არქიტექტურის დამსახურებით, უშგული “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
უშგული 5 201 მეტრი სიმაღლის მწვერვალ შხარის კალთებზეა გაშენებული. ეს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალია, დიდი კავკასიონის ქედზე კი მესამე ადგილს იკავებს.
უშგულში ნებისმიერი ადგილიდან ფანტასტიკური ხედი იშლება, მთავარია, ამინდმა გაგიმართლოს და ზღაპარი, რომელშიც აღმოჩნდი, ცხადი გახდება.