ფარცხისის ციხის ისტორია და სტრუქტურა
წერილობით წყაროებში ფარცხისის ციხე ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდიდან (XI საუკუნე) გვხვდება. ბაგრატ IV ის მეფეა, რომელმაც XII საუკუნის უძლიერეს საქართველოს ჩაუყარა საძირკველი.
იმხანად საქართველო ბიზანტიასთან და სელჩუკთა სახელმწიფოსთან მუდმივად ომში იყო.
ამ ადგილებში გაიმართა ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლა, რომელსაც ასეც ეწოდება - „ფარცხისის ბრძოლა“. ბაგრატ IV-ის მემკვიდრემ გიორგი II-მ სელჩუკთა სახელმწიფოს ჯარი დაამარცხა.
მტრის შემოსევებისას ასეთ დიდ ციხესიმაგრეებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე აგებული ციხიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვემო ქართლის მთავარ მაგისტრალს აკონტროლებდნენ. ამასთანავე, მოსახლეობის თავშესაფრადაც გამოიყენებოდა.
ციხის აღმოსავლეთით გვირაბი იწყებოდა. როგორც ამბობენ, ის 300 მ სიგრძის უნდა ყოფილიყო და მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ალყაში აღმოჩნდებოდნენ, წყლის პრობლემა არ შეჰქმნოდათ.
რიყის ქვით ნაგები ციხისგან დღეს ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თუმცა აქედან კვლავ ხელისგულივითაა გადაშლილი მიდამოები, საიდანაც ალბათ შუა საუკუნეებში ყოველ წამს ელოდებოდნენ მტრის გამოჩენას.