მართალია, დღეს მეიდნის ძველი ფარდულებიდან აღარაფერია შემორჩენილი, მაგრამ თანამედროვე „მეიდანი“ ახლაც ძველისა და ახლის სინთეზია. ეს არის გარემო, რომელიც ძველებური ნივთებით, ტრადიციული, ნაციონალური სასმლითა და კერძებით თქვენს თვალწინ აცოცხლებს ერთდროულად აწმყოსა და წარსულს. აქედან ყველა მხარეს იშლება მშვენიერი ხედები - მტკვარი, მეტეხის ხიდი, მეტეხის ტაძარი. ამ ყველაფერს კი ზემოდან ნარიყალას ციხესიმაგრე გადმოჰყურებს.
„მეიდნის“ საგამოფენო გვირაბებში საინტერესო მოგზაურობა გელის. აქ ყოველი კუთხე თავის ისტორიას გიყვება: მეიდნის ბაზარში ქართული ღვინოების დიდი არჩევანია, აქვე იყიდება თიხის ქართული საღვინე ჭურჭელიც, აგრეთვე, საუკეთესო ნაწარმის ქართული ჩაი.
„მეიდან ბაზარი“ მომხმარებელს ნატურალური და სასარგებლო პროდუქტების ფართო არჩევანსაც სთავაზობს, მათ შორის ნატურალურ თაფლს, ჩურჩხელას, სხვადასხვა სახის ჩირს, მურაბას. არჩევანი აქაც დიდია.
თუ ხელოვნების მოყვარული ხარ, აქ თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებს გაეცნობი, აქვე შეგიძლია ქართველი ოქრომჭედლების ორიგინალური ნამუშევრების შეძენაც. „მეიდან ბაზარზე“ ქართული წარმოების თოჯინებსა და სხვა ხელნაკეთ სუვენირებსაც იპოვი.
ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობიდან გამომდინარე, ძველი თბილისის ამ ნაწილში დღემდეა შემონახული ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი და სხვა.