ბაზრობა ზაარბრიუკენის მოედნისა და 9 აპრილის ბაღის დამაკავშირებელი მშრალი ხიდის მიმდებარედ ეწყობა. აქ მოხვედრა შესაძლებელია როგორც მეტროთი, ისე ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით.
აქ წარმოდგენილია თანამედროვე ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ხელნაკეთი ნივთები, თიხის ნაკეთობები, ტრადიციული ნაქარგები, თექაზე ნამუშევრები. ამ ადგილას ჯაჭვის პერანგსაც კი ნახავ.
ნახატების ფასი 20-30 ლარიდან იწყება, ზოგიერთი ნამუშევრის ფასი კი ათასობით ლარსაც აღწევს.
გარდა მხატვრების ნამუშევრებისა, ჩაყოლებაზე ძველმანების „თავშესაფარი“ და ხელოვნების უძვირფასესი, საკოლექციო ნიმუშების გამოფენაც არის: ანტიკვარული ნივთები, სუვენირები, ფირსაკრავები, წიგნები, მედლები, მონეტები, უიშვიათესი ჭურჭელი, სახელოსნო იარაღები, ტრადიციულ მოტივებზე შესრულებული ჭედური ნაკეთობები და სხვა.
ეს ყველაზე ჭრელი ხიდია ქალაქში და აქ რაღაც საშენოს აუცილებლად იპოვი.
მხატვრების ბაღი მშრალ ხიდზე ფუნქციონირებს ყოველდღე, 10:00-იდან 17:00 საათამდე.