KA

ფრინველებზე დაკვირვება: ზამთრის სტუმრები

ზამთარი ფრინველების თვალთვალისთვის არცთუ სახარბიელო დროა, მაგრამ საქართველოში არის ადგილები, სადაც ზამთარშიც განსაკუთრებული ამბები ხდება.

კოლხეთის ეროვნული პარკი

ერთ-ერთი ასეთი ადგილი კოლხეთის ეროვნული პარკია. უნიკალურობის გამო, იუნესკომ მას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეიბის სტატუსი მიანიჭა. 

პალიასტომის ტბაზე, მის მიმდებარე ჭაობებში და მდინარე ფიჩორზე ათასობით წყლის ფრინველი იზამთრებს. პალიასტომის ტბა ზოგჯერ მთლიანად დაფარულია ნაირ-ნაირი იხვებით. ფრინველთა რიცხოვნობის გამო, კოლხეთის ზამთარში მონახულება ეფექტურ სანახაობას გპირდება.

აღმოსავლეთის სტეპები

ზამთარში ყველაზე საინტერესო ადგილები საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთის სტეპებია, ადგილები, სადაც შუა აზიიდან მოფრენილი ათიათასობით სარსარაკი იზამთრებს. მათი მაქსიმალური რაოდენობა თებერვალში ფიქსირდება. ქალაქ დედოფლისწყაროდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარე ტარიბანის ველი სარსარაკთა სანახავად იდეალური ადგილია. 

ასეთი ექსპედიციისთვის ერთი დღეც კმარა. შეგიძლია თბილისიდან დილით ადრე დაიძრა, ცაში და მიწაზე სარსარაკების გუნდების ცქერით დატკბე და ისევ დედაქალაქში დაბრუნდე. გზაში აუცილებლად შეგხვდება საზამთროდ ჩვენთან გადმოფრენილი მტაცებელი ფრინველები: ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა და ალალი, ასევე რუხი ღაჟო.

ვაშლოვანის ნაკრძალი

10,143 ჰექტარზე გაშლილი ეს ნაკრძალი დედოფლისწყაროდან 42 კილომეტრში იწყება. ზამთარში განუმეორებელი ლანდშაფტის ვაშლოვანის სამხრეთ-დასავლეთით, სამუხის ველზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, სარსარაკთა ყველაზე დიდი გუნდები იყრის თავს. 

სამუხის ველის მონახულებას კიდევ ერთი დამატებითი ხიბლი აქვს. აქ წარმატებით განხორციელდა ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი და დღეს ამ მიდამოებში სამუხის სტაბილური და მზარდი პოპულაცია ბინადრობს. 

წარმოიდგინე, როგორი მომხიბლავი სანახაობაა სარსარაკთა ათასიანი გუნდები ცაში, მიწაზე კი ამ ლამაზი ძუძუმწოვრების - ქურციკების ხილვა. 

ვაშლოვანზე სრული შთაბეჭდილების შესაქმნელად ორი სრული დღე მაინც არის საჭირო.  პარკის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი კოტეჯები დაგხვდება, სადაც ღამის გათევაა შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა