KA
2024-10-14T10:03:21.000000Z
ფრინველებით შეპყრობილები

ფრინველებით შეპყრობილები

სამყაროს ფრინველები კრავენ, ისინი ცასა და მიწას აერთიანებენო, - გეტყვის ბერდვოჩერი (ფრინველებზე დამკვირვებელი); მნიშვნელობა არ აქვს, ჩრდილოეთ ამერიკიდან იქნება ის თუ ევროპიდან ან იაპონიიდან.
სარჩევი

ფრინველებით უფრო მეტად შეპყრობილებისთვის ახალი სახელიც გაჩნდა - თვითჩერი. ეს  განსაკუთრებული, ბრიტანული და აწ უკვე მარსიანული ტერმინი ისეთ ბერდვოჩერს აღნიშნავს, რომელიც არც მანძილს დაგიდევს, არც წელიწადის დრო აღელვებს და ხშირად მიზნის მისაღწევად ბევრი ფსიქოლოგიური და სოციალური ბარიერის გადალახვაც  უწევს.

საქართველო  თავისი კლიმატითა და რელიეფით, ფრინველებზე დაკვირვებით შეპყრობილებისთვის ნამდვილი სამოთხეა - აქ არის მთა, ზღვა, ბარი, ჭაობი, ტყე, უდაბნოც კი; ენდემური ფრინველებიც ხომ გვყავს, ისეთები, სხვაგან რომ ვერსად დააკვირდები, მაგრამ ეს ქვეყანა გადამფრენ-გადმომფრენი ფრინველების ერთგვარი აეროდრომიცაა. საინტერესო სათვალთვალოს აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ნახავ.

რას გპირდება თბილისი

თბილისის შექმნის ლეგენდაც კი ხოხბის ამბიდან მოდის: მეფის ისრით დაჭრილი ხოხობი მიწიდან ამოჩუხჩუხებულ ცხელ წყაროში ჩავარდნილა და ბუმბულებიანად მოხარშულა. მეფეს ამ ადგილზე ქალაქის გაშენება უბრძანებია და თბილი ადგილი - თბილისი დაურქმევია. ასე რომ, თბილისი არც მითოლოგიურადაა შორს ფრინველებისგან, ქალაქის ემბლემაზეც ფრინველია. ეს უკვე მინიშნებაა!  

მიუხედავად იმისა, რომ მოთვალთვალეები თბილისს მიზნობრივად არ სტუმრობენ, მათ გასაგონად უნდა ითქვას, რომ თბილისის პარკებში სირიული კოდალა ცხოვრობს, შავთავა ხეცოციაცაა და მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე კირკიტებიც ბუდობენ. ქალაქს ხშირად მიმინოც დასტრიალებს თავს. 

შემოდგომისა და გაზაფხულის მიგრაციისას შუაგულ თბილისში ღაჟოები, წითელყელა ბუზიჭერიები და თეთრყელა მემატლიებიც არიან. აი, ტბების პირას კი, მიგრაციისას, ცისფერგულა ყანჩებიც შეგხვდება. ლისის ტბის ლელიანებში გრატები, მოჭახჭახე მეჩალიები, მელოტები და მცირე წყლის ბუღაცაა. ისინი აქ ბუდობენ, აქაურობა მათი სამკვიდროა. საქართველოში რამდენჯერმე გრძელკუდა მეჩალიაც კი უნახავთ. 

თბილისში, კრწანისის ტყე-პარკში მთელ დღეს გაატარებს ბერდვოჩერი, სუფთა ჰაერი არ მოაკლდება და სანახაობა. აქ რამდენიმე სახეობის კოდალა, ტბებში - ჩიბუხები და ჭახჭახები, ულვაშებიანი წივწივა, იხვები, ქათამურები ბუდობენ. პარკის გასასვლელით თუ მდინარე მტკვართან  გახვალ, მიგრაციისას იქ  ბევრნაირ გადამფრენ ფრინველს ნახავ, მათ შორის - ზღვის კაჭკაჭსაც. თუ სმენაც ისეთი გაქვს, რომ ფრინველებს ხმით ცნობ, მაშინ ხომ კრწანისის ტყის ზღაპარსაც მოისმენ. ასე რომ, ბერდვოჩერებო, თბილისს გულგრილად ვერ ჩაუვლით.

გზა სტეფანწმინდისკენ

სანამ თბილისიდან ახლო მანძილებზე გიამბობდე, ჯერ ზამთრის სანახაობებით უნდა მოგხიბლო. ფრინველებზე სათვალთვალოდ ზამთარი მოსახერხებელი სეზონი არააო, - ვეღარ იტყვი, როცა რამდენიმე ადგილს დაგისახელებ, სადაც განსაკუთრებული ამბები ხდება - კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე, მიმდებარე ჭაობებსა და მდინარეზე ათასობით წყლის ფრინველი იზამთრებს. 

საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთის სტეპები ნამდვილი აღმოჩენა იქნება. შუა აზიიდან გამოფრენილი ათიათასობით სარსარაკი აქ იზამთრებს და თებერვალში ტარიბანის ველზე  უთვალავია. გზად ფეხბანჯგვლიანი კაკაჩაც შეგხვდება. 

თბილისიდან სტეფანწმინდამდე მანქანით სამი საათის გზა კია, მაგრამ ბერდვოჩერი მთელ დღეს მოუნდება ამ გზის დაფარვას - ფრინველებით მდიდარი ფაუნა მაშინვე იწყება, როგორც კი არაგვის ხეობაში შეხვალ.

კლდეებში შევარდნები და ფასკუნჯები ბუდობენ, მდინარის პირას წყლის შაშვები ცხოვრობენ. ტყეებში, ბევრნაირ ფრინველთან ერთად, ნახევართეთრყელა ბუზიჭამიები არიან. გუდაურის მიდამოებში სანატრელი ბატკანძერის ნახვაზე რომელი ბერდვოჩერი იტყვის უარს?! წითელნისკარტა და ყვითელნისკარტა მაღრანები, კირკიტები და ორბები გუდაურის ცას მუდმივად სერავენ. 

ზღვის დონიდან  2379 მეტრი სიმაღლის ჯვრის უღელტეხილი ფრინველთა მიგრაციის მნიშვნელოვანი ადგილია, განსაკუთრებით - აპრილში, არწივებისა და სხვა მტაცებელი ფრინველების მასიური მიგრაციის დასაკვირვებლად. ჯვრის უღელტეხილის ორივე მხარეს რქოსან ტოროლასაც შეხვდები, მთის მწყერჩიტასაც და მეთოვლიასაც. 

უღელტეხილიდან დაშვებისას ყურადღებით იყავი - ბაზალტურ კლდეებზე წითელშუბლა მთიულები ბუდობენ. ქაცვის ბუჩქებზე ბოლოცეცხლები და დიდი კოჭობები ცხოვრობენ. მთის ყარანასაც მოჰკრავ თვალს. მართალია, კავკასიონზე დილა შურთხის სტვენით იწყება, მაგრამ ხმით მისი მიგნება შეუძლებელია - მთებში ხმა უცნაურად ვრცელდება. შურთხის პოვნა იოლი არ არის. თუ მიაგნებ, იმასაც დაინახავ, როგორ აგდებს უკან თავს სტვენისას. კავკასიური ცნობილი ხუთეულის - შურთხის, კავკასიური როჭოს, კავკასიური ყარანის, კოჭობისა და წითელმუცელა ბოლოცეცხლას სანახავად მყინვარწვერის კალთებს უნდა მიაშურო.  

შავი ზღვის მიდამოები

შემოდგომაზე ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შავიზღვისპირეთია, კერძოდ კი - აჭარა. ბათუმის ჩრდილოეთ მხარეს არის სოფელი სახალვაშო, რომელიც კარგა ხანია მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. ყოველდღე შეგიძლია ცაში დაინახო კრაზანაჭამია არწივი. ყოველ შემოდგომაზე სახალვაშოს მიდამოებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაძრული მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მიგრაცია აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება, პიკს კი სექტემბერში აღწევს. 

ამ დროს ბერდვოჩერები ცაში ყოველდღე ათასობით კრაზანაჭამია არწივს ხედავენ. ეს ფრინველი მიგრაციის დომინანტია. ყოფილა დღეები, როდესაც სახალვაშოს ფრინველთა პოლიგონზე ასი ათასი არწივი აღურიცხავთ, გველიჭამიებიც, მიმინოებიცა და ძერებიც. 

შავი ზღვის ნაპირს მოუყვებიან: ვარხვები, ყარყატები, წეროები და სხვა დიდი ფრინველები. მათი გზაც სახალვაშოზე გადის - აკი, გითხარი, აქაურობა დიდი მიგრაციის გზაგასაყარია-მეთქი.  

ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, აჭარაში ბერდვოჩერები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. შეიძლება ითქვას, რომ წელიწადის ამ დროს საქართველოს ამ ნაწილში ცას ძირითადად ფოტოობიექტივიდან უყურებენ. ფრინველებზე დაკვირვება - დაკვირვებად და ფრინველებზე დამკვირვებლებზე დაკვირვება კიდევ ცალკე სიამოვნებაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა