KA

ახალქალაქი

საქართველო ძველთაძველი ისტორიის მქონე ქვეყანაა და ამის დამადასტურებელ არაერთ არტეფაქტს ხშირად შეხვდები ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში. თუმცა, თუ საუკუნეების წინანდელ კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს საკუთარი თვალით იხილავ, ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევი. სწორედ ასეთი ადგილია ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნისა და მურჯახეთისწყლის შესართავებს შორის მდებარე ახალქალაქი, რომელზედაც ქვეყნის ერთ-ერთი საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი გადის.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:25 სთ
ბათუმი
6:40 სთ
ქუთაისი
5:00 სთ

ახალქალაქის ღირსშესანიშნაობები

ახალქალაქი, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქალაქად ჯერ კიდევ IХ-Х საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ხოლო ХI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრების ძეგლი - Х საუკუნის კუმურდოს ტაძარი მდებარეობს; 

ასევე: 

ХI საუკუნის ბარალეთის ქართული ეკლესია; 

VIII-Х საუკუნეებში აშენებული ღრტილას ეკლესია; 

Х საუკუნის აბულის ეკლესია; 

Х საუკუნის ბავრის ტაძარი; 

IХ საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამსრის ეკლესია და ХIХ საუკუნის სომხური ეკლესია.

ახალქალაქის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ძეგლია ციხე-ნაქალაქარი, რომელიც ХI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობაა. ამ ციხის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი ციტადელი, კოშკები და მეჩეთი.                                                                                                                                      

ახალქალაქის ისტორია

ახალქალაქი ცნობილია ქვის ხანის ადამიანთა ნამოსახლარებით, არქეოლოგიური გათხრებისას კი ახალქალაქიდან სამხრეთით 1 კმ-ში აღმოაჩინეს ქვის ხანის ადამიანთა ბაზალტისგან ნაკეთები ხელცულები, საფხეკები და სხვა მსგავსი იარაღი. აქვეა აღმოჩენილი შედარებით გვიანდელი პერიოდის უაღრესად საინტერესო არტეფაქტი, ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნით დათარიღებული 40 სმ-ის დიამეტრისა და 2-3 სმ სისქის ბრინჯაოს დისკი, რომელიც ასტრონომიულ კალენდრად მიიჩნევა და ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

ახალქალაქის ბუნება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ულამაზესი ბუნება ტურისტებშიც საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით კი აბულ-სამსრის ქედი, თავისი ჯადოსნური ტბებითა და მედიდური მთებით. თუ ლევანის ტბას ესტუმრები, მისი გამჭვირვალე, მწვანე წყალი ნამდვილად გაგაოცებს. რაც შეეხება კარწახის ტბას, ეს ადგილი წყლის ფრინველთა სამფლობელოა.

უმშვენიერესი სანახაობაა აბულ-სამსრის ქედის უმაღლესი მწვერვალი და სამხრეთ საქართველოს უმაღლესი წერტილი - მთა დიდი აბული. ახალქალაქიდან აბულის მთამდე 14 კილომეტრია. ეს მთა ჩამქრალი ვულკანია და მისი კონტური ქალაქიდან ულამაზესი სანახავია. და თუ მთაზე ახვალ, სამცხე-ჯავახეთის გაშლილი სივრცეებით ტკბობასაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა