ბოლნისელები მოგიყვებიან, როგორ დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე 1817 წელს გერმანელები - ვიურტემბერგელი შვაბების ოჯახები, როგორ შექმნეს ევროპული ტიპის დასახლება, გააშენეს ვენახები, ბოსტნები, ხილის ბაღები, გაიყვანეს გზები და სარწყავი არხები.
მაშინ აქაურობას კატერინენფელდი უწოდეს, საბჭოთა კავშირის დროს კი ლუქსემბურგად გადააკეთეს - პოლონელი კომუნისტი ქალის როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად. შემდეგ, 1941 წელს, სტალინმა აქაური გერმანელები ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლა. დასახლებას სახელიც შეეცვალა და ბოლნისი დაერქვა.
ასე მოუწიათ გერმანელებს ამ ადგილის დატოვება, თუმცა მათ მიერ ჩამოტანილმა დიდმა ცოდნამ საუკუნეებს გაუძლო. ზოგიერთ ოჯახში ლორს დღემდე შვაბური წესით ამზადებენ და აცხობენ Zuckerkuchen-ს - გერმანულ შაქრის ნამცხვარს;
ამ მხარის უძველეს ისტორიას ყველაზე კარგად ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაეცნობი. აქ გამოფენილი არქეოლოგიური მასალა კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს მოიცავს - ახალი ქვის ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. აქვეა მოწყობილი შვაბი გერმანელების ცხოვრების ამსახველ ფოტოექსპოზიციასაც და გამოფენილია ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები. თუ ამ რეგიონთან დაკავშირებით სამეცნიერო მუშაობა გიწევს, ან უბრალოდ სტატიას წერ, მუზეუმში იდეალური სამუშაო სივრცე დაგხვდება - მედიათეკით, კაფეთი და ვერანდით.
ბოლნისის გარშემო საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ბევრი ძეგლია, რომლებიც მდინარეების - ხრამისა და მაშავერას ხეობებშია მიმოფანტული. აქ აუცილებლად უნდა ნახო: V საუკუნის ბოლნისის სიონი, V-VI საუკუნეების აკაურთის ეკლესია, XIII საუკუნის წუღრუღაშენის ტაძარი და შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები - ჭაპალის, ბერდიკისა და ბუჩუკუნის.
ბოლნისთან ახლოს მდებარე სოფელ ტანძიიდან კი ქართული დიპლომატია იწყება - აქ პირველი ქართველი დიპლომატის, XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმია. სულხან-საბას აუდიენცია მეფე ლუი XIV-სთან და რომის პაპ კლიმენტი XI-სთან ძალიან საინტერესო ამბავია, რომელსაც აქაური გიდი შთამბეჭდავად მოგიყვება.
ბოლნისში, ქართველებთან ერთად, ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები და შვაბი გერმანელების რამდენიმე შთამომავალიც.
ბოლნისი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხის ოქროსფერი ღვინით. ადგილობრივი ფერდობები და მზიანი დღეების რაოდენობა შესანიშნავ ტერუარს ქმნიან როგორც თეთრებისთვის, ასევე ქარვისფერი, ვარდისფერი და წითელი ღვინისთვის.
ქალაქში უამრავი მცირე მარანი ფუნქციონირებს, ამიტომაც ბოლნისის ღვინის ტურის მოწყობა შესანიშნავი იდეაა.