KA

გარდაბანი

გარდაბანი, რომელიც, საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების მსგავსად, არაერთი ქარტეხილის ადგილი გამხდარა, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, სოციალური და კულტურული ნაწილია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:00 სთ
ბათუმი
6:20 სთ
ქუთაისი
4:10 სთ

სად მდებარეობს გარდაბანი

ქალაქი გარდაბანი თბილისიდან 39 კმ-ში,  ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგხვდება სანიშნოსა და უდოს მწვერვალები, მდინარეები: მტკვარი, ლოჭინი, არხაშენი, ნაგუბი, ფერადი უდაბნო, ჯანდარისა და კუმისის ტბები და ბევრი სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. 

გარდაბნის ისტორია 

გარდაბნის სახელწოდება, ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლოსის ძის სახელიდან, გარდაბოსიდან მოდის. II საუკუნეში, ფარსმან ქველის მეფობის დროს, რუსთავიდან გარდაბნის ველზე არხი გაჭრეს, რასაც ვრცელი სასოფლო არეალის ათვისება მოჰყვა. მოგვიანებით, ვახტანგ გორგასლის მეფობისას, გარდაბნის საერისთავო მნიშვნელოვანი თავდაცვითი პუნქტი გახდა. აღმშენებლობა დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც გაგრძელდა. 

XIII საუკუნეში, მტრების შემოსევების შემდეგ, გარდაბანი მთლიანად დაინგრა. ტერიტორიაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაჭაობებული იყო ან ნადირობისთვის გამოიყენებოდა, მუდმივი დასახლებები XIX საუკუნიდან აღდგა. ეს მხარეში გერმანელების ჩამოსახლებამ, ძველი არხის აღდგენამ და ბაქო-თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანამ განაპირობა.  

XX საუკუნეში, ქალაქ რუსთავის მშენებლობის პარალელურად, გარდაბანში საწარმოები და დასახლებული პუნქტები განვითარდა. დღეს კი აქ თავს იყრის დიდი აგროსაწარმოები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები.

რას ნახავ გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას, პირველ ყოვლისა, მოინახულე წმინდა გიორგის სახელობის შავნაბადას მონასტერი, კუმისის დედათა ეკლესია, მარტყოფის ღვთაების მონასტერი და მთავარანგელოზთა ეკლესია, საცხენისისა და ნორიოს ეკლესიები.

აუცილებლად ესტუმრე გარდაბნის ეროვნულ პარკს, ნახე მისი მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, მრავალწყაროს ფერად-ფერადი, ეგზოტიკური ბორცვები. აგრეთვე, მრავალწყაროს წყალსაცავი, მომწვანო, ვრცელი ჯანდარის ტბა და სამკურნალო თვისებების მქონე ტალახით ცნობილი კუმისის ტბა. ეს ადგილები იდეალურია პიკნიკების, ბუნებაში მოგზაურობის, ფრინველებზე დაკვირვებისა და თევზაობისთვის.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა