საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ეს უძველესი დასახლება თავის წიაღში კაცობრიობის ბევრ საიდუმლოს ინახავს. დმანისის ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევს არქეოლოგები ნიადაგის სხვადასხვა შრეში აწყდებიან. ამ ტერიტორიაზე გათხრები 1936 წლიდან დაიწყეს ქართველმა არქეოლოგებმა და იმდენად საინტერესო მასალებს მიაგნეს, რომ შემდეგ მათ მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ კოლეგები - გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.
სწორედ დმანისში აღმოაჩინეს 1,8 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ქალისა და კაცის თავის ქალები. მათ არქეოლოგებმა ჰომო გეორგიკუს უწოდეს, მოგვიანებით კი ქართული სახელებიც დაარქვეს – კაცს ზეზვა, ხოლო ქალს მზია. თავის ქალები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ზეზვასა და მზიას აღმოჩენის შემდეგ ევროპელი სპეციალისტები თანხმდებიან, რომ დმანისი (და, შესაბამისად, საქართველო) ევროპული ცივილიზაციის აკვანია!
დმანისში ასევე ნაპოვნია ოქროს საგანძური, რომელიც შუა საუკუნეების პერიოდით თარიღდება. აქვე აშენდა თანამედროვე მუზეუმი, სადაც დმანისის უნიკალური არქეოლოგიური მასალის ნახვა შეგიძლია.
დმანისის ტერიტორიაზე 190-ზე მეტი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს - ძირითადად შუა საუკუნეების პერიოდის.
დმანისთან ახლოსაა პანტიანის ტბა. ასევე საინტერესო სანახავია კარაგოლის ტბა და მიმდებარე პატარა ტბები. მათ სარკისებრ ზედაპირებზე მწვანით დაფარული მთები ირეკლება, რომლებითაც ეს ტბებია გარშემორტყმული. თუ წარმოიდგენ, რომ ამ მიდამოებში ოდესღაც ხმალკბილა ვეფხვები დაძრწოდნენ, ჩათვალე, რომ დროში მოგზაურობა შედგა.