KA

სამტრედია

უძველესი ეკლესიებისა და ორი უძველესი ერის - ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის ისტორიის სანახავად საქართველოში ბევრგან შეიძლება წახვიდე. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სამტრედიის მუნიციპალიტეტია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:35 სთ
ბათუმი
1:50 სთ
ქუთაისი
0:35 სთ

სად მდებარეობს სამტრედია

სამტრედია კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 25 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქუთაისიდან აქამდე 30 კმ-ია, სამტრედიიდან ქუთაისის აეროპორტამდე - 20 კმ.  

სამტრედია იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს გზაგასაყარია. აქედან მიდის გზა აჭარის, აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს შავიზღვისპირეთისკენ. 

სამტრედიის ისტორია

სამტრედია პირველად XVIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულ ისტორიულ წყაროებში გამოჩნდა, როგორც სოფელი. იმხანად ის ვრცელ ტყე-ჭაობიან ადგილზე იყო გაშენებული. 

1872 წელს, როცა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, ამ ადგილების ათვისება დაიწყო. მრეწველობის განვითარებასთან ერთად, უმჯობესდებოდა ინფრასტრუქტურა. დააშრეს ჭაობები, გაუმჯობესდა კლიმატი. მალე სამტრედია ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი გახდა. მან ჯერ დაბის სტატუსი მიიღო, შემდეგ - ქალაქის.

რაც შეეხება სახელს, ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე, იმ ადგილებში, სადაც ახლა სამტრედიის მუნიციპალიტეტია, მტრედებით სავსე ტყე იყო. ვარაუდობენ, რომ ქალაქის სახელიც სწორედ აქედან მოდის.

რა უნდა ვნახოთ სამტრედიაში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებების ძირითადი ნაწილი უძველეს ნამოსახლარებზეა გაშენებული, შესაბამისად, სანახაობაც ბევრია. მაგალითად: ტელეფისი - XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები სოფელ ტოლებში; დაბლაგომის ანტიკური ხანის ნამოსახლარი; ღვთისმშობლის, მაცხოვრის, შობის, ჯვარცმის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დგას, XV-XIX საუკუნეებითაა დათარიღებული.

სამტრედიიდან 6 კილომეტრში მდებარეობს დაბა კულაში, რომელიც ქართველი და ებრაელი ხალხების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში აქედან წასული ებრაელები ახლა ხშირად ჩამოდიან საქართველოში თავიანთი ძველი ეზო-კარის მოსანახულებლად. კულაშის ცენტრში დღემდე დგას სინაგოგა, რომლის გასაღები სალოცავის გვერდით მცხოვრებ ოჯახში ინახება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა