KA

სენაკი

დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს ამ კოპწია ქალაქში, პალმებითა და ტირიფებით გამწვანებულ ქუჩებში სეირნობისას ბევრი საინტერესო ადგილი და დიდი ისტორია გელოდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:55 სთ
ბათუმი
1:50 სთ
ქუთაისი
0:55 სთ

სენაკის ისტორია

სიტყვა „სენაკი“ ბერის ოთახს, „მცირე სახლს“ ნიშნავს. აქ ბერმონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. 

ამ რეგიონს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. 

IV-VIII საუკუნეებში აქედან რამდენიმე კილომეტრში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა; 

შემდეგ ცენტრის ფუნქცია ძველ სენაკს ჰქონდა - სოფელს, რომელიც ახლა ქალაქის განაპირას მოექცა. 

XX საუკუნის დასაწყისში კი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა, აქაურობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი კვანძი გახდა და 1921 წელს ქალაქის სტატუსიც მიენიჭა. 

კულტურული ცხოვრება 

კულტურული ცხოვრება აქ ყოველთვის დუღდა - ძველ სენაკშიც და შემდეგ ახალ ქალაქშიც, იყო თეატრალური დასი, სტამბაში იბეჭდებოდა წიგნები - მათი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი ინგლისში, უორდროპების ბიბლიოთეკაში ინახებოდა; გახსნილი იყო სათავადაზნაურო სასწავლებელი. 

სენაკი დღეს თანამედროვე ქალაქია კულტურის სახლით, მუზეუმებით, სამხატვრო გალერეით, სპორტული კომპლექსებით, თხილის, დაფნისა და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნებით. ქალაქის ცენტრში დგას აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ნეობაროკოს სტილის ულამაზესი ნაგებობა, რომელიც 1959 წელს აშენდა და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის პროფესიული დასის სპექტაკლს თუ დაესწრები, დიდ სიამოვნებას მიიღებ. 

სენაკის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები

ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი; 

ეგრისობა

თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. 

აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას, გასინჯავ მეგრულ კერძებს, მოუსმენ მეგრულ სიმღერებს და ნახავ ცხენოსანთა შეჯიბრებას ეროვნულ სახეობებში - ისინდში, ცხენბურთსა და მარულაში, რომლებიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა