KA

ხონი

რომაელ სარდალ პომპეუსს აქ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს გაუვლია და ასაწევი ხიდი აუგია. „ბუმბუას ხიდის“ ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე დღემდეა შემორჩენილი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:25 სთ
ბათუმი
2:15 სთ
ქუთაისი
0:30 სთ

ხონის ისტორია

იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ქალაქ ხონს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მისი წარმოშობა და განვითარება ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებთან არის დაკავშირებული. 

ხონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში ხონის ეკლესიის გარშემო გაჩნდა, რომელიც VIII საუკუნით თარიღდება. ხონში ნაპოვნია „კოლხური თეთრის“ 1270 მონეტა, აგრეთვე, ბიზანტიური და თურქული მონეტები. ეს იმას მოწმობს, რომ  XVIII საუკუნეში ხონი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. XIX საუკუნის 20-30-იან წლებში აქ თამბაქოს ბაზრობა გაიხსნა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის, ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან. 

ქალაქად ხონი 1921 წელს გამოცხადდა. 1936-1989 წლებში მას რევოლუციონერის სახელი - წულუკიძე ერქვა. ისტორიული სახელი ქალაქს 1989 წელს დაუბრუნდა. 

დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი

ხონი ყოველთვის სისხლსავსე კულტურული ცხოვრებით გამოირჩეოდა. ის თეატრალური და მუსიკალური ტრადიციების ქალაქია. პირველი თეატრალური წარმოდგენა აქ 1865 წელს გაიმართა. 1907 წელს კი პატარა თეატრალური დასი ჩამოყალიბდა. ახლა ხონში თეატრი ფუნქციონირებს. ხონის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში პირველი სასულე ორკესტრის შექმნა. ეს 1890 წელს მოხდა. ქალაქში სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიცაა.   

ხონის ბუნება და ღირსშესანიშნაობები

ფოთლოვანი ტყეებითა და ბუჩქნარებით გარშემორტყმული ქალაქი, რომელსაც წყალუხვი მდინარეები ჩამოუდის, დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მის შემოგარენშია ასხის ალპური ზეგანი, ოკაცეს კანიონი, ჩანჩქერები და ტბები, ცხენისწყლის უმშვენიერესი ხეობა და სხვა.  

თუ თევზაობა გიყვარს, მდინარეებში ღორჯოს, ნაფოტას, წვერასა და კალმახს დაიჭერ. აქ ბევრი საპიკნიკე და სასეირნო ადგილია, სადაც მშვენიერი ბუნებითა და სუფთა ჰაერით დატკბები. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა