KA
ქართული სარიტუალო მენიუ

ქართული სარიტუალო მენიუ

საქართველომ, როგორც ერთ-ერთმა უძველესმა ქვეყანამ, დიდი და ხანგრძლივი გზა გამოიარა და არასოდეს გაუწყვეტია კავშირი თავის ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ თუ მითოლოგიურ საწყისებთან.

საუკუნეების მანძილზე ქართულ ყოფაში ბევრი წეს-ჩვეულება და რიტუალი გაჩნდა და სინერგია მოახდინა ქრისტიანობასთან. დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი დავიწყებას მიეცა, ბევრმა დღემდე მოაღწია, ზოგიერთი გადაფასდა და ზოგმაც სახე იცვალა. ქართულ ყოფაში ყველა რიტუალი, იქნებოდა ეს სახალხო ზეიმი, საეკლესიო დღესასწაული, სპორტული, საყოველთაო თუ საოჯახო, ხშირ შემთხვევაში, ნადიმით, პურობით თუ, ჩვეულებრივ, სარიტუალო სუფრით მთავრდებოდა. უმთავრესი კომპონენტი აქ რიტუალური საჭმელი იყო - ხაშლამა, ხაჭაპური, კორკოტი, შილაფლავი, საქონლის ბეჭი თუ საკრალური ღვინო. ყველა კუთხეს თავისი წესი და მენიუ ჰქონდა, მაგრამ პური და პურის პროდუქტები ყველგან უმთავრესი იყო.

ქართულ სუფრას შეიძლება უამრავი მიზეზი განაპირობებდეს, მაგრამ მისი მთავარი ფასეულობა და ფილოსოფია არასდროს იცვლება, ეს არის თანაზიარობის, მუდამ გვერდში დგომის პრინციპი: ლხინი გაქვს - ვიზიარებ, ჭირი გაქვს - ვიზიარებ. ყველა ტიპის სუფრას თავისი გარკვეული წესი აქვს, მაგრამ ყველა ერთ დაუწერელ კანონს ემორჩილება, რომელსაც ქართული სუფრის ტრადიცია ჰქვია.

საქორწილო მენიუ

საქორწილო-სარიტუალო ჯვრის პური აღმოსავლეთ საქართველოში რძისა და შაქრისგან მზადდებოდა, ჯვრით მშვენდებოდა და ცომისაგან გაკეთებული პატარა ჩიტებით ირთვებოდა. ზემოდან უსვამდნენ კვერცხს. როდესაც ოჯახი საქორწილო ლხინისთვის მზადებას შეუდგებოდა, პურის ცხობას 2-3 დღით ადრე იწყებდნენ. ქორწილები ტრადიციულად ოჯახებში ან ეზოებში გაჭიმულ კარვებში იმართებოდა, ახლა კი სუფრები რესტორნებსა და სპეციალურ სარიტუალო დარბაზებში იშლება. 

საქორწილო სუფრა ქართული სუფრის ტრადიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივია. ხალხურ მეხსიერებასა თუ ლიტერატურულ ტექსტებში დღემდე შემორჩენილია ამბები ლეგენდარული საქორწილო სუფრების შესახებ, რომლებიც დავიწყებას ძნელად თუ მიეცემა. 

საქორწილო სუფრებს შორის განსხვავება საქართველოს კუთხეების მიხედვით იგრძნობა. დასავლეთ საქართველოში ქორწილის სუფრა გოჭის, კუპატისა და ტაბაკა წიწილის გარეშე არ ჩაივლის, გურიაში ღომი და საცივი უნდა იყოს, სამეგრელოში გებჟალია, ელარჯი და ჯურჯანი ემატება, იმერეთში - კოპწია კეცის ხაჭაპურები, რაჭაში - ლობიანი, მესხეთში - თევზი ცოცხალი, კახეთში ხაშლამა და გუდის ყველია აუცილებელი, სვანეთში - კუბდარი, მთიულეთში - ხინკალი, მაგრამ ყველგან, საყოველთაო ქართულ საქორწილო მენიუშია ყველის ასორტი, ანუ ყველის დაფა - იმერული, სულგუნი, შებოლილი სულგუნი და სულგუნის ფირფიტებში გახვეული ნადუღი. 

ქართული ტრადიციული სადღესასწაულო კერძები - ხაჭაპური და საცივი ყველა რეგიონის ქორწილის სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის და არის დღემდე. 

მეორე აუცილებელი ასორტია ნიგვზიანი, რომელშიც შედის: ბადრიჯანი, ისპანახი, ჭარხლის ფხალი, მწვანე ლობიო, სუფრაზე უნდა იყოს მწნილის ასორტიც: ჯონჯოლი, კიტრი, წიწაკა. შემწვარი წიწილები და გოჭის ხორცი, მოხარშული საქონლის ენა და ღორის მოხარშული ხორცი, მწვადი, საწებლები, ქათმის სალათა, ხაჭაპური, ტოლმა ვაზის ფოთოლში, საქონლის ხორცის ჩაშუშული, სოკო კეცზე, ცხელი კუჭმაჭი, მწვანილი, კიტრი და პომიდორი, თევზი შემწვარი, თევზი ბაჟეში, ხიზილალა, ზეთის ხილი, პურები, ხილის ასორტი, ნამცხვარი, ტორტი, ლიმონათი, მინერალური წყალი და ღვინო - ვფიქრობ, ნამდვილი სამეფო სუფრის მენიუა. 

აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო საკვებს, ვეგანებიც და ვეგეტარიანელებიც. საქორწილო სუფრის მეორე დღეს უსათუოდ ხაშზე მიგიპატიჟებენ, რადგან ნაბახუსევისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. 

ქართულ საქორწილო სუფრასთან მოხვედრა ნამდვილი დღესასწაულია. საქართველოში ქორწილები, ტრადიციულად, შემოდგომაზე იგეგმებოდა და ამ დროს მენიუც უფრო მრავალფეროვანი იყო - მოხარშული სიმინდი და გოგრა, ფელამუში და ჩურჩხელა, ათასნაირი ხილი სუფრის ნამდვილ სამკაულად გამოიყურებოდა.

სამგლოვიარო მენიუ

ქართული სუფრის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი დიფერენცირებული ხასიათი. საქორწილო და სადღესასწაულო სუფრისგან განსხვავებით, ქელეხის სუფრაზე როგორც მენიუ, ისე ლექსიკაცა და ღვინოც განსხვავებული იყო. საინტერესო ფაქტია, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქელეხის სუფრები განსხვავებულია. 

დასავლეთ საქართველო უარყოფს სარიტუალო სამგლოვიარო სუფრაზე ხორცსა და ხორციან კერძებს, აქ ქელეხის სუფრა მოკრძალებულია, მხოლოდ ლობიო, თევზეული, ფხალი, მწვანილი, ჭარხალი ტყემალში, კოტრანა, ყველი, ტკბილი ფლავი, პური და ღვინოა წარმოდგენილი. ამასთანავე, ღვინო, ძველი წესით, აუცილებლად წითელი უნდა იყოს.

დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოში მიცვალებულის სახელზე საკლავი იკვლება, ამიტომაც სუფრაზე შემოაქვთ ხაშლამა და ხორციანი კერძები. შილაფლავიც ცხვრის ან ბატკნის ხორცის კერძია, რომლის გასინჯვაც, ერთი კოვზის მაინც, მიცვალებულის სულის მისაგებებლად ყველასთვის სავალდებულოა.

საქართველოში ყველა კუთხის სამგლოვიარო სუფრის მენიუშია წანდილი. ის ხორბლისგან კეთდება და საგანგებოდ ოჯახში იხარშება. მას ნიგვზით, თაფლით, ქიშმიშითა და შაქრით კმაზავენ და ამბობენ, რომ სუფრის ყველა წევრმა თითო კოვზი უნდა გასინჯოს. ზოგიერთ კუთხეში მოხარშულ ხორბალს ნიგვზით, ნივრით, მარილითა და მოდაღული ხახვით აზავებენ. 

მაშინ, როცა საქორწილო სუფრა ხანგრძლივია, სამგლოვიარო სუფრა ხანმოკლეა. თამადა მხოლოდ შვიდ ან ცხრა მოსახსენებელს წარმოთქვამს. ამის შემდეგ, შემოდის შილაფლავი და სუფრაც მალევე იშლება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა