KA
2024-12-21T17:48:45.000000Z
ქართული ტრადიციული სამოსი

ქართული ტრადიციული სამოსი

უნიკალურობა და მრავალფეროვნება ქართული ეროვნული სამოსისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ქვეყნის გეოგრაფიულმა, სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. მემატიანეების, ჟამთააღმწერლების მიერ მოყოლილი ამბები წარსულის სურათებს აცოცხლებს და წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები. მათი სამოსის დეტალები ცხადად ჩანს ძველი ტაძრების ფრესკებიდან, ბარელიეფებიდან და მინიატიურებიდანაც.
სარჩევი

რას გამოხატავდა სამოსი 

საქართველოში სამოსს უხსოვარი დროიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის მიერ მოკვლეული ისტორიული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ყველა საუკუნეში ყველა ფენა თავის შესაფერის ტანისამოსს ატარებდა.  დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქსოვილის ხარისხსა და დიზაინსაც.  

ქართველ მეფეთა სამოსი

სამეფო გვირგვინი

მეფეებისთვის ტანისამოსის შერჩევას განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. მაგალითად, როდესაც ქართველი მეფეები მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერატორებს, მათ მსგავსად იმოსებოდნენ. ამით ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, როგორებიც ბიზანტიის სახელმწიფო მმართველები.  

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, იცვლებოდა ტანისამოსი და მასთან - ქსოვილის ხარისხიც, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ამ მხრივ, საინტერესოა ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამის, მეფეების - დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის, ზოგადად - ბაგრატიონების, თავადების - ჯაყელების, დადიანების საგვარეულოს, საქართველოს იმ მთავართა ტანისამოსი, რომლებიც უძველესი ტაძრების ფრესკებზე არიან გამოსახული. მაგალითად, ზარზმის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული ჯაყელების ტანისამოსი, რომელთაგან ერთს გულისპირზე ოქრომკერდით - კურდღელი, მეორეს კი ფასკუნჯი აქვს ამოქარგული. როგორც ცნობილია, ქართულ სამეფო კარზე სამეფო ოჯახებისა და თავად-აზნაურების ტანისამოსის გაფორმებაზე ამქართა და ხელოსანთა ჯგუფები ზრუნავდნენ.

ძველი ისტორიული წყაროები ქართული სამოსის შესახებ

საინტერესოა საქართველოში ტანსაცმლის წარმოების აღმწერი ცნობები, რომლებიც ბერძენი მოგზაურების - ქსენოფონტის, სტრაბონისა და სხვა უცხოელ მკვლევართა და ისტორიკოსთა ჩანაწერებში მოიპოვება. განსაკუთრებით საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომი „აღწერა სამეფო საქართველოსა“, სადაც მემატიანე XVII საუკუნის ქართული ტრადიციული კოსტიუმების შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდის. ამ და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, ყოველ ეთნიკურ კუთხეში ჩაცმულობის განსხვავებული სტილი არსებობდა. 

საქართველოს მთის ხალხთა ჩაცმულობა

ქართული ქუდი

საქართველოს მთის რეგიონების მოსახლეობის სამოსი განსაკუთრებული თვითმყოფადობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის მცხოვრებლებისა და ხევსურული ულამაზესი ტრადიციული კოსტიუმები, რომლებიც დამუშავების საკმაოდ რთული ტექნოლოგიით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით იქცევს ყურადღებას. თავის დროზე ხევსურულმა კოსტიუმმა თავისი ორიგინალური ფორმისა და სტილის დამსახურებით, მთელ კავკასიაში ანალოგი რომ არ მოეძებნება, მოგზაურთა და მკვლევართა ყურადღებაც მიიქცია. ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი გამოყენების გამო, მას ზოგჯერ  არაქართული წარმოშობის სამოსად მიიჩნევდნენ, ხევსურებს კი - ჯვაროსნების შთამომავლებად. არსებული ეთნოგრაფიული მასალების კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ქართული ეროვნული სამოსია.   

მოხევეების სამოსი ფარჩისა და ჩითის ფერადი ქსოვილისგან მზადდებოდა. ფშაური მამაკაცის ჯუბები შინ ნაქსოვი შალის ქსოვილისგან იკერებოდა, ფშაველ ქალებს კი გრძელი ფერადი პერანგი, შავი სატინის გრძელსახელოიანი „საგულე“ და მოკლე ზედატანი „პალტო“ ეცვათ, თავზე მძივებითა და თეთრი ფულებით შემკულ „თავჩითას“, ქიშმირის მოსახვევსა და ჩიქილას იხურავდნენ. თუშებიც, ფშავლების მსგავსად, ქსოვილებს თავიანთი ნაწარმი შალისაგან ამზადებდნენ. მათი საყვარელი ფერები შავი და ლურჯი იყო. თუში ქალის სამოსი მოკლე და გრძელსახელოებიანი პერანგისგან შედგებოდა, მამაკაცების ტანსაცმელი კი ადგილობრივი ტილოსგან დამზადებული ჩოხა და სატინის ახალუხი იყო. 

სვანი მამაკაცები ზამთარში მაღალ და წვეტიან ნაბდის ქუდს იხურავდნენ, ზაფხულში კი - იმერულ ფაფანაკს. სვანი ქალების კაბა ორი ნაწილისგან - „ჟიბე-ტანისა“ (ზედა) და „ჩუბე-ტანისგან“ (ქვედა) შედგებოდა. თავისებურად განსხვავდებოდა ლეჩხუმელების სამოსიც. ქალებს შავი ფერის ქვედა კაბა და ქათიბი ეცვათ, თავსაბურავად კი „ბაღდადსა“ და ლეჩაქს იყენებდნენ. რაჭული კოსტიუმებიც ძირითადად შავი ფერის სატინისგან იკერებოდა, თუმცა აქ ფერადი სატინისგან დამზადებული სამოსიც მოიპოვება. გამორჩეული იყო აჭარასა და გურიაში გავრცელებული მამაკაცის ტანისამოსიც, რომელიც სირმებით იყო გაწყობილი. 

ქართული კლასიკური სამოსი

ქართული ფაფახი და ნაბადი

დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა კლასიკური ქართული კოსტიუმი: მამაკაცისათვის - გრძელი ჩოხა-ახალუხი, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, სათანადო ფეხსაცმლით და ქალის კაბა - გრძელი, სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული. ეს სამოსი, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში გავრცელდა, განსაკუთრებით - დიდგვაროვანთა წრეში. სამოსის ამგვარი კომბინაცია მიჩნეულია, რომ ქართლ-კახური წარმოშობისაა.

სამოსის მორთულობა და ატრიბუტიკა

განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა ქართველ მეფეთა სამოსი, რომელიც თვალ-მარგალიტითა და სხვა ძვირფასი სამკაულით იყო შემკული (საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული უძველესი სამკაული ჯერ კიდევ პალეოლითის ხანას განეკუთვნება). სამეფო ტანისამოსის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი იყო სარტყელიც, რომლის ნიმუშებიც, ფრესკების გარდა, არქეოლოგიური გათხრების დროსაც არის აღმოჩენილი. 

სამოსის მორთულობა იყო სხვადასხვა ფორმის ღილები, რომლებიც სხვადასხვა მასალისგან: ლითონის, ძვირფასი ქვებისგან, მარგალიტებისგან მზადდებოდა. ფეხსაცმელს, რომლის უძველეს ქართულ ტერმინად მიჩნეულია „ხამლი“ და „ქალამანი“, ჩაცმულობაში არანაკლები ადგილი ეკავა. ქართველი მწერლის სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მაღალყელიან ფეხსაცმელს „მოგვი“ ერქვა. მას ძირითადად მეფეები და დიდგვაროვანი აზნაურები ატარებდნენ და ის, როგორც წესი, წითელი, მწვანე ან აგურისფერი იყო. 

ტანისამოსის შექმნისას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქსოვილის ხარისხს. მეფეებისა და დიდებულების სამოსი ატლასის, ხავერდის, სტავრის, სელის, აბრეშუმისა და სხვა ძვირფასი ქსოვილისგან იკერებოდა. ამის საუკეთესო ნიმუშია თბილისში ქართველი მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის მიერ აღდგენილი თამარ მეფის კაბა, რომლის მოდელი მხატვარმა წლების წინათ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ტაძრებში თამარ მეფის ფრესკების შესწავლის შემდეგ შექმნა. თავდაპირველად, კაბა ბუტაფორიებით იყო გაწყობილი, ვინაიდან მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ მეფის სამოსის ძვირფასი მასალით გაწყობაზე უარი თქვა. მხატვრის ოცნება მოგვიანებით ახდა - თამარ მეფის კაბას დღეს ოქროსა და ვერცხლის ბალთები და ოთხი ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი ნამდვილი მარგალიტი ამშვენებს. თითქმის ზუსტად არის აღდგენილი სამოსის ქსოვილიც. რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილები, მათ შორის, თეკლე დედოფლის უნიკალური კოსტიუმი, რომელიც განადგურების წინაშე იყო. ასევე აღდგა მეფე ერეკლეს ოჯახის წევრთა სამოსი, რომლის გაფორმებისას XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტებია გამოყენებული. მათი ნახვა დღეს ხელოვნების სასახლეშია შესაძლებელი. 

ქართული ქსოვილების აღდგენა

ქართულ ქსოვილებთან დაკავშირებული ნივთიერი მასალა საკმაოდ მწირია. ჩვენამდე მოღწეულია ქართული ქსოვილის მხოლოდ რამდენიმე ნიმუში, მათ შორის, სვანეთის ეკლესიებში სახარების ყდაზე გადაკრული ქსოვილი. ქართული ქსოვილების აღდგენა ძირითადად შესაძლებელია ეკლესიებში შემორჩენილი ფრესკებიდან, ბარელიეფებიდან, აგრეთვე, ქართველი მემატიანეების ცნობებზე დაყრდნობით.

ქართული ეროვნული სამოსი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ხანდახან ჟამთააღმწერლებზე ცხადად გვიყვება ჩვენი შორეული და მდიდარი ისტორიის შესახებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა