KA

ღები-მთა შოდა-საკაო

საკუთარ ძალებში დარწმუნებული მოგზაურისთვის საკაოს მარშრუტი - ღები-შოდის მთა ძალიან საინტერესო მიმართულებაა ულამაზესი რაჭის დასათვალიერებლად. მარშრუტი ღებიდან იღებს სტარტს და ქედის გადავლით საკაოში მთავრდება. თუ დიდი აღმართებისა და რთული მონაკვეთების დაძლევა ნამდვილად არ შეგიძლია, უმჯობესია, სხვა მიმართულებები აირჩიო.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სოფელი
ღები

სტარტი და პირველი დღე

სოფელ ღების ცენტრიდან მარტივი ბილიკით მიემართები მდინარე ლაგორულას სათავეებისკენ. ხშირი ტყით დაბურული ბილიკები დროდადრო რთულდება და ძალისხმევაც სწორედ აქ დაგჭირდება.  

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან შეგიძლია, ცოტა ხნით შეჩერდე, ტაძარი დაათვალიერო და სულიც მოითქვა. შემდეგ გზას აგრძელებ და ფართო საძოვრებზე, მწყემსების ქოხებთან აღმოჩნდები. ეს ნიშნავს, რომ 6,2 კილომეტრი უკვე გაიარე. 

თან ცოტაოდენი ნაღდი ფული თუ გექნება, შეგიძლია, მწყემსებთან რძის პროდუქტები შეიძინო და ვახშამზე დააგემოვნო. ლაშქრობის პირველი დღეც აქ მთავრდება - დაბანაკება ქოხების მიმდებარედ არის შესაძლებელი.

მეორე დღე. ნამდვილი გამოცდა - 18 კმ 6 საათში  

დილით ბანაკიდან სამხრეთით, შოდა-კედელას უღელტეხილისკენ იწყებ სვლას. დროდადრო თოვლიან მონაკვეთებსაც შეხვდები და რთული მონაკვეთიც დაიწყება.

უღელტეხილის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2953 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.  სიარული ნაშალ კლდეზე მოგიწევს. აქ რამდენიმე მონაკვეთია, სადაც კლდეზე ცოცვაც დაგჭირდება. ყურადღებით იყავი და აუცილებლად ისარგებლე წინასწარ დამონტაჟებული უსაფრთხოების ბაგირებით.  

რთული მონაკვეთი დაახლოებით 3 კილომეტრია. შემდეგ ისევ საშუალო სირთულის დაღმართზე დაეშვები. თავიდან დაღმართი ციცაბოა, ტყით დაბურული, მაგრამ შემდეგ სოფელ საკაოს ცენტრში მარტივი მონაკვეთით შედიხარ.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა