KA
Kelitsadi Lake

ყელიცადის ტბა

ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. სწორედ აქ, ყაზბეგში, ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ყელის ტბის ზეგანზე მდებარეობს საქართველოში ყველაზე მაღალი, ველურ ბუნებაში ჩაძირული ყელიცადის ტბა. 
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
გუდაური

ყელიცადის ტბის ბუნება

ნახევარმთვარის ფორმის მქონე ტბას თავზე მწვერვალი შერხოტა დაჰყურებს, მისი ფერდობები კი ვულკანური წარმოშობის, წითელი ნაშალი ქვით არის დაფარული. ტბაში წყლის მაქსიმალური დონე აგვისტო-სექტემბერში აღწევს და ამ დროს წყალიც საოცრად თბილია. იქიდან გამომდინარე, რომ ტბის წყალი საკმაოდ სუფთაა, აქ ბანაობასაც შეძლებ. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს წყლის დონე იკლებს, ამასთანავე, 8-9 თვის მანძილზე ყინულით იფარება და ამიტომ ტბაში თევზი არ ბინადრობს.

როგორ მოხვდე ყელიცადის ტბასთან?

ყელიცადის ტბიდან ასი მეტრის მოშორებით ოკუპირებული სამაჩაბლოს დე ფაქტო საზღვარი გადის, ამიტომ ტბასთან მისვლას მხოლოდ ფეხით თუ შეძლებ.

ყელიცადის ტბასთან თრუსოს ხეობიდან რამდენიმე ბილიკი მიდის, რომლებიც ხორისრის ზეგანს, ლამაზ მდელოებსა და საკარვე ადგილებს გაივლის; შემდეგ კი ხორისრის უღელტეხილი იწყება, რომლის სიმაღლეც 3550 მეტრს აღწევს და საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი უღელტეხილია. თუ მთა ხორისრის მწვერვალზე ახვალ, კურორტ გუდაურს 3756 მეტრიდან გადმოხედავ და დიდებულ მყინვარწვერს - შერხოტასა და თავად ყელიცადის ტბასაც დაინახავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა