„შავი ზღვის ჯაზფესტივალს“ კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“ ყოველ ზაფხულს აწყობს.
პირველი ფესტივალი 2007 წელს გაიმართა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, ფესტივალის სცენაზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, არაერთი ლეგენდარული შემსრულებელი გამოვიდა: ლიზა სტენსფილდი (Lisa Stansfield), ჯორჯ კლინტონი (George Clinton), რობერტ პლანტი (Robert Plant), ელ ჯერო (Al Jarreau), სერჟიო მენდეზი (Sergio Mendes), ქუინსი ჯონსი (Quincy Jones), კრის ბრაუნი (Chris Brown), Jamiroquai, Kool & The Gang, სნუპ დოგი (Snoop Dogg) და სხვა.
შავი ზღვის ჯაზფესტივალს, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კორტები მასპინძლობს და კონცერტები, საშუალოდ 3-4 დღე გრძელდება. ფესტივალის დღეებში მოუსმენ ჯაზს, სოულს, ბლუზს, ფანკს, ეისიდ-ჯაზს, რიტმ-ენდ-ბლუზს, ბრაზილიურ რიტმებსა და პოპს.
რა არის ჯაზი და რატომ უნდა მოუსმინო? - ამ კითხვას ჯაზის ისტორიაში ყველაზე დიდმა კაცმა ლუი არმსტრონგმა ასე უპასუხა: უნდა მოუსმინო და მერე გაიგო... აქ პირველი ჯაზანსამბლი XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, 60-იანი წლებიდან კი ჯაზს კინოთეატრებსა და კლუბებშიც უკრავდნენ.
ასე რომ, ყოველ ზაფხულს ბათუმის ზღვის სანაპიროზე “შავი ზღვის ჯაზფესტივალი” გელოდება!