შდუგრას ჩანჩქერი სოფელ მაზერთან, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მდებარეობს. ჩანჩქერის ძირამდე მისასვლელად დაახლოებით 3 კმ-ის გავლა მოგიწევს, მაგრამ, თუ ჩანჩქერის თავზე მოქცევას გადაწყვეტ, კიდევ 3 კმ უნდა გაიარო. შდუგრას ჩანჩქერის სიმაღლე თითქმის 120 მეტრია.
ბილიკი, რომელიც შდუგრასთან მიგიყვანს, სოფელ მაზერში იწყება. ჯერ მინდვრებს გაივლი, შემდეგ - ულამაზეს წიწვოვან ტყეებს, მდინარეზე გადასვლაც მოგიწევს, მაგრამ ბილიკი კარგადაა მარკირებული და გზა არ დაგეკარგება.
შდუგრას ჩანჩქერი ცისარტყელას ფერებში ლივლივებს და ისეთი მოძრავია, რომ საწვიმრის გარეშე მის სიახლოვეს შხეფებისგან დასველდები. თუ აქ ზაფხულში ამოხვალ, ყინულივით ცივ, ცისარტყელას ფერებით აელვარებული ჩანჩქერის წყალში ბანაობასაც შეძლებ, ამის გარდა კი, ულამაზესი ბუნებით ტკბობისას მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დაგავიწყდება.