KA
Poti center district

ცენტრის უბანი ფოთში

ქალაქ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტიკური ქალაქის, ფაზისის, არსებობას ძვ. წ. VII საუკუნიდან ადასტურებს უცხოური თუ ქართული წერილობითი წყაროები, თუმცა მისი ზუსტი ადგილი დღემდე დაუდგენელია. რაც შეეხება ფოთს, ის პირველად VIII საუკუნეში ჩნდება და მას შემდეგ ეს ტოპონიმი აღარ შეცვლილა. XVI საუკუნის შემდეგ ფოთი პერიოდულად ოსმალთა იმპერიის კუთვნილება ხდება. ქალაქის შუაგულში უწინ მრავალჯერ დანგრეული ციხეც ოსმალთა ბატონობის დროს აშენდა 1720-იან წლებში. ომში დამარცხებულმა ოსმალებმა, ადრიანოპოლის ზავის მიხედვით, ფოთი და მისი მიმდებარე სანაპირო ზოლი 1829 წელს რუსეთის იმპერიას გადასცეს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, მისი განვითარების შემთხვევაში, შავი ზღვის არეალში ბატონობას უზრუნველყოფდა, რასაც კარგად აცნობიერებდა რუსეთი. 1858 წლიდან ფოთს ოფიციალურად ენიჭება სანავსადგურო ქალაქის სტატუსი. ნავმისადგომის მშენებლობა კი 1863 წლიდან იწყება. 

ფოთი ახალ ისტორიას 1894 წლიდან წერს, როცა ქალაქის თავად ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს. მისი უშუალო თაოსნობით 1907 წელს საბოლოოდ დასრულდა 1863 წელს დაწყებული ნავსადგურის აგება და ის შავი ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო პორტი გახდა როგორც უსაფრთხოებით, ისე აღჭურვითა და მომსახურებით. 

ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით, 1901 წელს მომზადდა ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელი ფოთის ისტორიული განაშენიანების სტრუქტურასა და არქიტექტურულ სახეს. ამ მხრივ, ფოთი საქართველოს ის ერთადერთი ქალაქია, რომელიც წინასწარ შედგენილი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის მიხედვით განვითარდა და რომლის ურბანული ქსოვილი დღემდე უცვლელად შემოგვრჩა.

ადგილმდებარეობა

ფოთის ისტორიული ნაწილი მდინარე რიონის ორივე სანაპიროზეა გაშლილი - მარცხენა მხარე, ე. წ. ცენტრის უბანი, ქალაქის პარკიდან სხივურად გაშლილ ქუჩათა რადიალურ ქსელსა და მარჯვენა მხარის მცირე ნაწილს მოიცავს, რომლის ბუნებრივი გაგრძელებაა რეგულარული დაგეგმარების მქონე კუნძულის უბანი.

უბნის ისტორია

საბჭოთა ეპოქაში ფოთის პერიმეტრი გაიზარდა, გაჩნდა ახალი საცხოვრებელი რაიონები. ქალაქის ყველაზე ღირებული არქიტექტურული მემკვიდრეობა თავმოყრილია ფოთის ცენტრში, რომელიც 1867 და 1901 წელს შედგენილი ქალაქგეგმარებითი პროექტების მიხედვით განაშენიანდა. ადგილობრივები ამ ადგილს დღემდე „ცენტრის უბანს“ ეძახიან და ის სხვა რამდენიმე ძველ უბანთან ერთად ისტორიული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

რას ნახავ აქ?

ნიკო ნიკოლაძის კოშკი

უბნის ცენტრში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქის პარკი, სადაც უწინ ოსმალების აშენებული ციხე იყო. 1870 წელს ამ ციხის ფუნდამენტის ერთ ნაწილზე დაშენებულ და შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთებულ კოშკს ფოთელები ნიკო ნიკოლაძის კოშკს უწოდებენ, რადგან შენობის ბოლო რეკონსტრუქცია მან განახორციელა და თავადაც აქ ცხოვრობდა ფოთში მუშაობის დროს.       

ბიზანტიური სტილის მართლმადიდებლური ეკლესია

პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს არქიტექტორების - ალექსანდრე ზელენკოსა და რობერტ მარფელდის პროექტით 1907 წელს აშენებული ბიზანტიური სტილის მართლმადიდებლური ეკლესია - იესო ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძარი. საგულისხმოა, რომ ნიკოლაძემ საბჭოს ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების სტილის ეკლესიის პროექტი წარუდგინა, თუმცა იმპერიულმა ხელისუფლებამ ბიზანტიური სტილი არჩია. მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით განხორციელდა - ფრანგი ინჟინრის ფრანსუა ენებიკის რკინაბეტონის სისტემით. ფოთის ეკლესია პირველი შენობაა, რომლის გუმბათიც მთლიანად რკინაბეტონით აშენდა. პარკსაც და ტაძარსაც გარშემო წრიულად უვლის ქუჩა - შოთა რუსთაველის რკალი.  

ევროპული მოდერნი

ცენტრის უბნის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფუნქციის შენობებით არის წარმოდგენილი. არქიტექტურაში დომინირებს ევროპული მოდერნის სტილი, რომლის ფართოდ დანერგვა და გავრცელება ლიტველ ინჟინერსა და არქიტექტორს ედმუნდ ალფონს ფრიკს (ფრიკასი) (1876-1944) უკავშირდება. ის ნიკო ნიკოლაძის მოწვევით დასახლდა ფოთში და 1907-1909 წლებში საქალაქო ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა. 

ე. ფრიკის პროექტით 1909 წელს განხორციელდა პარკში მდებარე მოდერნის სტილის ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის რკალი N1, და მოდერნის საცხოვრებელი სახლები 26 მაისის ქუჩაზე -  N35 და N9 (1907წ.). ეს უკანასკნელი  უწინ ვაჭარ ჰომერ ავგერინოსს ეკუთვნოდა, ახლა კი იქ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმია განთავსებული; 

ე. ფრიკს ეკუთვნის ორი სასტუმროს პროექტიც - „გრანდოტელი“ (1907 წ.), გიორგი ჭანტურიას ქ. N5, და ბრისტოლი (1910-იანი წლები), დავით აღმაშენებლის ქ. N6.

უნდა აღინიშნოს, რომ უბანში არის მოდერნის სტილის კიდევ 2 გამორჩეული მხატვრული ღირებულების სახლი - დავით აღმაშენებლის N5 (1908წ.) და N7, თუმცა მათი მფლობელის ან არქიტექტორის ვინაობა უცნობია. 

კლასიცისტური სტილი

უბნის კლასიცისტური სტილის გამორჩეული შენობების ავტორია არქიტექტორი მ. ვასილევიჩი, რომლის პროექტით 1900-იან წლებში აშენდა N1 გიმნაზია, აკაკი წერეთლის ქ. N44, N3 საჯარო სკოლა, აკაკი წერეთლის ქ. N28 და  N2 გიმნაზია, აკაკი წერეთლის ქ. N7.

სინაგოგა 

ფოთში ყოველთვის იყო ებრაული თემი. დღემდე შემოგვრჩა 1903 წელს მათ მიერ აშენებული სინაგოგა იერუსალიმის ქუჩაზე (N11). 

არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეული სხვა შენობები

საცხოვრებელი სახლებიდან არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა  ელიგულაშვილების ყოფილი ერთსართულიანი სახლი, ნინო ჟვანიას N12, ექიმ ნიკოლოზ ტერ-ნიკოგოსოვის 1894 წელს აშენებული სახლი, წმინდა გიორგის ქ. N23 და ორსართულიანი სახლი, შოთა რუსთაველის რკალი N16. 

საზოგადოებრივი შენობებიდან აღსანიშნავია მეთევზეთა ყოფილი კოოპერატივის შენობა, წმინდა გიორგის ქ. N11 და ხელოვნების სასწავლებელი, ზვიად გამსახურდიას ქ. N4.  

საბჭოთა ეპოქის არქიტექტურა

უბანს საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული მემკვიდრეობის ღირებული ნიმუშებიც შემორჩა - არქიტექტორ ივანე ლაღიძის პროექტით განხორციელდა  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რუსთაველის რკალი N20 (1934წ.), ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, წმინდა გიორგის ქ. N24 (1937წ.),   ცენტრალური პარკის შესასვლელი (1937წ.) და ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის რკალი N24 (1940-იანი წლები).

XXI საუკუნის გამორჩეული არქიტექტურა

ცენტრის უბანი უახლესი, XXI საუკუნის შენობებითაც გამოირჩევა. მათ შორის აღსანიშნავია შოთა რუსთაველის რკალზე მდებარე სამი ახალი ნაგებობა: პოლიციის შენობა (2012წ.), ფოთის დრამატული თეატრი (არქიტექტორი ლადო ხმალაძე, 2014წ.) და იუსტიციის სახლი (2015წ.). 

ფოთის ცენტრის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და საქართველოსთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი მალე ტურისტული ინდუსტრიის მოწინავე ცენტრადაც იქცევა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა